პროკურატურის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ კომპანიას უკანონოდ ჩამორთმეული გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი დაუბრუნდება

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მორიგი შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიიღო, რის საფუძველზეც, დაზარალებულ კომპანიას 2010 წელს უკანონოდ ჩამორთმეული და ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის საფეხბურთო არენა დაუბრუნდება.
პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ მიხეილ ლურსმანაშვილმა პარტნიორებთან – ელზა გნოლიძესთან, ვახტანგ ჯოხაძესთან, თამაზ სიდამონიძესთან, ნოდარ მექვაბიძესთან, ვასილ ტლაშაძესა და იოსებ ტეტუნაშვილთან ერთად, დააფუძნა შპს „გრანდ ემი“, რომელმაც 2006 წლის დეკემბრის თვეში, სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული აუქციონის გზით კანონიერად შეიძინა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის საფეხბურთო სტადიონი. შესყიდვიდან ერთი წლის განმავლობაში, შპს „გრანდ ემმა“ სტადიონს საკუთარი სახსრებით ჩაუტარა კაპიტალური რემონტი, რომლის დანახარჯმა 500 000 (ხუთასი ათასი) ლარამდე თანხა შეადგინა.
„2010 წელს, აღნიშნული სტადიონი ხელისუფლების ინტერესის ქვეშ მოექცა. მესაკუთრეებისთვის ზემოხსენებული ქონების ჩამორთმევის მიზნით, დაიწყო გამოძიება და საგადასახადო შემოწმება ,,გრანდ ემის“ მიმართ გადასახადებისთვის თავის არიდების ფაქტზე, რაც არ უკავშირდებოდა გორის საფეხბურთო სტადიონის შესყიდვას, რისი კანონიერების საკითხიც გამოძიებას ეჭვქვეშ არ დაუყენებია. გამოძიების მიმდინარეობისას, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადების გამო, სამართალდამცავების მიერ დაკავებულ იქნა კომპანიის ერთ-ერთი პარტნიორი ვახტანგ ჯოხაძე. აღნიშნულის შემდეგ, კომპანიის წარმომადგენლებს სამართალდამცავი ორგანოდან შეუთვალეს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი კომპანია დათმობდა გორის სტადიონს, მათ მიმართ არ დაიწერებოდა საგადასახადო შემოწმების აქტი და კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვახტანგ ჯოხაძეც გათავისუფლდებოდა პატიმრობიდან.
განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების და ხელოვნურად გაზრდილი და დარიცხული გადასახადების თავიდან ასაცილებლად, შპს ,,გრანდ ემმა“ გორის საფეხბურთო არენა უსასყიდლოდ გადასცა გორის მუნიციპალიტეტს. ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლის შემდეგ, ორ დღეში, ვახტანგ ჯოხაძე საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, პირობითი მსჯავრით გაათავისუფლეს საპატიმროდან.
ჩვენ მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რათა საქართველოს მთავრობის განკარგულებით, დაზარალებულ შპს ,,გრანდ ემს“ დაუბრუნდეს ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი. რაც შეეხება ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა იმსჯელებს მათ მიმართ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხზე.
ამ დროისთვის, ახალი დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად გახსნილია ქონების იძულებით ჩამორთმევის 60 ფაქტი, დაზარალებულად ცნობილია 126 მოქალაქე, რომელთაც დაუბრუნდა და დაბრუნების პროცესშია 36 მილიონ ლარამდე ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის 72 ავტომანქანა, საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები, ღვინის ქარხანა, საცურაო კომპლექსი, მიწის ნაკვეთები და ა.შ.” , -აცხადებენ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები