ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენას მიესალმება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოსკოვს არანაირი პრობლემა არა აქვს, თუ ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სომხეთში სატრანზიტო ტვირთების მოძრაობა აღდგეს. ამის შესახებ მან სოხუმში განაცხადა.
„რუსეთს არ აქვს არანაირი პრობლემა, რომ ტრანზიტი განახლდეს. არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რომ ეს მოხდეს. მას შეუძლია, დაეყრდნოს რუსეთსა და საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციას შორის დადებულ შეთანხმებას. ვიცით, რომ სომეხი კოლეგები სარკინიგზო მოძრაობის განახლებით დაინტერესებული არიან. დღეს აფხაზეთის პრეზიდენტმაც თქვა, რომ მისი ქვეყანა არ არის ამის წინააღმდეგი. ასე, რომ ეს უკვე დამოკიდებულია სხვა ქვეყნებზე“- განაცხადა ლავროვმა.
სერგეი ლავროვმა ოკუპირებული აფხაზეთი უკვე დატოვა. ის სოხუმში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა.