ზურაბ აბაშიძე აფხაზეთში ლავროვის ვიზიტს აფასებს – საელჩოს გახსნა ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებლობის ლეგალიზაციის მორიგი მცდელობაა

სოხუმში რუსეთის საელჩოს გახსნა, რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებლობის ლეგალიზაციის მორიგი მცდელობაა, – ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე სოხუმში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტს.
როგორც აბაშიძე აცხადებს, რუსეთის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები პოლიტიკის ნაწილია.
„ვიზიტი გახლავთ რუსეთის პოლიტიკის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის ლეგალიზაციას. ის ნაბიჯებიც, რომლებიც აქამდე გადაიდგა, კიდევ ამ ბოლო 2 თვის მანძილზე, მე ვფიქრობ, რომ ესეც ამ პოლიტიკის ნაწილია. მხედველობაში მაქვს ცხინვალის რეგიონში ჩატარებული რეფერენდუმი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული მოვლენები,“ – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მისი თქმით, ის გრიგორი კარასინთან ამ საკითხებზე აუცილებლად გაამახვილებს ყურადღებას. თუმცა, როდის შედგება აბაშიძე-კარასინის შეხვედრა, ჯერ უცნობია.
სერგეი ლავროვი აფხაზეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები