„კონფლიქტი საქართველოში” – ამ მოხსენებით ევროპის საბჭოში გენერალური მდივნის ანგარიშს განიხილავენ
დღეს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1284-ე სხდომაზე, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ტორბიორნ იაგლანდის მე-15 კონსოლიდირებულ ანგარიშს განიხილავენ, სახელწოდებით – “კონფლიქტი საქართველოში”.
როგორც „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ანგარიში 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის მარტის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ანგარიშის განხილვას დაესწრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი.
მე-15 კონსოლიდირებულ ანგარიშში გენერალური მდივანი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ მდგომარეობაზე, უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით, აგრეთვე, ეთნიკური ქართველებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვის შემდეგ აფხაზეთის რეგიონში შექმნილ მძიმე ვითარებასა და სხვა საკითხებზე.
კონსოლიდირებული ანგარიშის წარდგენისას, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტს სიტყვით მიმართავს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი. თავის გამოსვლაში მინისტრის პირველი მოადგილე ყურადღებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობასა და ბოლო პერიოდში რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე გაამახვილებს.