მიხეილ ჯანელიძე აფხაზეთში ლავროვის ვიზიტზე: ასეთი ტიპის პროვოკაციული ქმედებები კონფლიქტის დარეგულირებას ხელს არ უწყობს

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის დაგეგმილ ვიზიტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გამოეხმაურა და აღნიშნული საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევად შეაფასა.
ჯანელიძის თქმით, რუსეთის მხრიდან ასეთი ტიპის პროვოკაციული ქმედებები კონფლიქტის დარეგულირებას ხელს არ უწყობს. მინისტრმა თემაზე საუბრისას საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად გამოითქვა.
„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი პირველი არ არის ოკუპირებულ რეგიონებში. 2008-2009-11 წლებშიც განხორციელდა ვიზიტები. ეს არის სრული იგნორირება საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო ნორმების პრინციპების. რა თქმა უნდა, საერთაშორისო საზოგადოება უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ასეთი ტიპის პროვოკაციული ქმედებები და ნაბიჯები ხელს არ უწყობს კონფლიქტის დარეგულირებას“,-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოკუპირებულ აფხაზეთში 18-19 აპრილს ეწვევა. ლავროვი რუსეთის საელჩოს გახსნის და დე ფაქტო ლიდერებთან შეხვედრებს გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები