ქეთევან ციხელაშვილი: აღდგომასთან დაკავშირებით, საოკუპაციო ხაზს მიღმა საფლავებზე მისვლაზე დადებითი პასუხი არ მიგვიღია
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ჰუმანიტარული ვიზიტების თაობაზე რუსული, ოსური თუ აფხაზური მხრიდან დადებითი პასუხი არ მიგვიღია, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
ციხელაშვილის განმარტებით, ქართულმა მხარემ ჰუმანურულ ვიზებთან დაკავშირებით საკითხი რამდენჯერმე საერთაშორისო დისკუსიებში გაახმაურა, თუმცა, ქართული მხარის მოთხოვნა უპასუხოდ დარჩა.
მისივე თქმით, 2008 წლიდან მოყოლებული ადგილობრივ მოსახლეობას პერიოდულად ექმნება პრობლემები საოკუპაციო ხაზს მიღმა სალოცავებისა და საფლავების მონახულების კუთხით ისეთ დიდ დღესასწაულებზეც, როგორიც აღდგომაა.
„ქართულმა მხარემ ამჯერად ყველა ფორმატში, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში, IPRM-ის შეხვედრებზეზე ეს საკითხი პარტნიორებთან ერთად დააყენა. პარტნიორების მხრიდანაც არის სრული მზაობა, რომ მაქსიმალურად უზრუნველყონ ჰუმანიტარული ვიზიტები, თუმცა ჩვენდა საუბედუროდ, ამ დრომდე დადებითი პასუხი ამის შესახებ არ მიგვიღია იგივე რუსეთის, თუ ოსური და აფხაზური მხარის მხრიდან. ჩვენ ისევ გავაგრძელებთ ამ საკითხზე მუშაობას. იმედს ვიტოვებ, რომ გაცნობიერებული იქნება, რომ ეს არის აბსოლუტურად ჰუმანიტარული ნაბიჯი და ამის პოლიტიზირების გარეშე შესაძლებელია საკითხის გადაწყვეტა. რა თქმა უნდა, ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანია მოსახლეობის უსაფრთხოება, თუმცა მათ თვითონ უკეთ უწყიან, რა ვითარებაში უწევთ ყოფნა და დარწმუნებული ვარ, მოსახლეობა გონივრულად მოიქცევა ამ დღესასწაულების განმავლობაშიც“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.