თამარ ჩუგოშვილი: საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის 95 პროცენტი შეთანხმებულია

“საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის 95 პროცენტი შეთანხმებულია“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც პროექტით არის გათვალისწინებული, შერეულიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაა.
„კონსტიტუციის ტექსტის ძალიან დიდ ნაწილზე არის სრული შეთანხმება, არის რამდენიმე მუხლი, რომელზეც ჯერ კიდევ გრძელდება დისკუსიები. დიდი ნაწილი დოკუმენტის, ალბათ, 95% ტექსტისა, არის სრულიად შეთანხმებული”, -აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.
რაც შეეხება ბლოკების გაუქმებასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას, პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, მნიშვნელოვანია მოვისმინოთ საერთაშორისო ექსპერტებისა და ვენეციის კომისიის მოსაზრება აღნიშნულ საკითხზე.
„ამ მიმართულებით არ ველოდებით შენიშვნებს. ინდივიდუალური პრეტენზიები თუ არის, სხვა თემაა, მაგრამ უნდა გამოვდიოდეთ იქიდან, რა არის სწორი და რა არ არის სწორი ჩვენი ქვეყნისთვის. ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა გვაქვს და ფორმალურად, ყველანაირი კონსულტაციების გარეშე შეგვეძლო ცვლილებების გატანა, მაგრამ არ გაგვიკეთებია ეს და თვეებია, ძალიან აქტიური კონსულტაციების რეჟიმში ვართ, იმიტომ, რომ გვინდა, ეს დოკუმენტი იყოს მაქსიმალური კონსენსუსის შედეგი. ამიტომ თუ პრეტენზია პრეტენზიისთვის არ იქნება და იმ საკითხებზე, რაზეც ჯერ კიდევ არის წინააღმდეგობები, შეთანხმებისკენ ვიქნებით მიმართული, ქვეყნისთვის იქნება ძალიან კარგი“, – დასძინა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები