საქართველოში მცხოვრები 600 000-მდე ადამიანი 30-მდე დასახელების მედიკამენტს უფასოდ მიიღებს

“საქართველოში მცხოვრები 600 000-მდე ადამიანი 30-მდე დასახელების მედიკამენტს უფასოდ მიიღებს”, – ამის შესახებ შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ საყოველთაო ჯანდაცვის ახალი პროგრამის დანერგვასთან დაკავშირებით ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც დავით სერგეენკომ განმარტა, საუბარია იმ მედიკამენტებზე, რომელიც ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს ხანგრძლივად ან ცხოვრების ბოლომდე ესაჭიროებათ.
„საქართველოში მცხოვრები 600 000-მდე ადამიანი, ძირითადად, სოციალურად დაუცველები და მარტოხელა პენსიონერები, რომლებსაც გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემები, ენდოკრინოლოგიური დაავადებები და ბრონქიალური ასთმა აწუხებთ, 30-მდე დასახელების მედიკამენტს უფასოდ მიიღებენ“, – განაცხადა სერგეენკომ.
მისვე თქმით, ძალიან მალე ამოქმედდება კიდევ ერთი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მოიცავს პირველ ეტაპზე, 4-5 ძირითადი ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების მიწოდებას. მათ შორის, საუბარია გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემების (მაღალი წნევა, გულის უკმარისობა, კორონალური სისხლძარღვების დაავადება), ენდოკრინოლოგიური დაავადებების (დიაბეტის მეორე ტიპი და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები) და ბრონქიალური ასთმისა და ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებებზე.
​რაც შეეხება ბიუჯეტს, პირველ ეტაპზე, ეს იქნება 5 მილიონი ლარის ფარგლებში. მინისტრის განმარტებით, ლაბორატორიული კონტროლი, თავდაპირველად, განხორციელდება უცხოურ ლაბორატორიებში, გამომდინარე იქედან, რომ საქართველოში მსგავსი ლაბორატორია არ არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები