ქეთევან ციხელაშვილი: ე.წ. არჩევნები და რეფერენდუმი ვერ იქნება სამართლებრივი
ე.წ. არჩევნები და რეფერენდუმი, ვერც პროცესი და ვერც შედეგი, ვერ იქნება სამართლებრივი, არის არალეგიტიმური და ცხადია, არ იქნება აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისა და ”რეფერენდუმის” შესახებ საუბრისას განაცხადა.
როგორც სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება ყველა ფორმატსა და პლატფორმას იყენებს პარტნიორების ინფორმირებისთვის და მხარდაჭერის მობილიზებისთვის.
”საქართველოს ხელისუფლების და საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია ცალსახაა – ე.წ. არჩევნები და რეფერენდუმი, ვერც პროცესი და ვერც შედეგი, ვერ იქნება სამართლებრივი ხასიათის მატარებელი, არის არალეგიტიმური და ცხადია, არ იქნება აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.ამავდროულად, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ აქტივობას საერთო არაფერი აქვს ხალხის ნებასთან და ვერ იქნება განხილული რეფერენდუმად იმ ვითარებაში, როდესაც მავთულხლართებით იზოლირებული რეგიონიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოდევნილი ან გადახვეწილია, ადგილზე მცხოვრები ადამიანების უფლებები კი უხეშად ირღვევა. ე.წ. რეფერენდუმი შეიძლება განხილული იყოს მხოლოდ, როგორც მორიგი პროვოკაცია და პოლიტიკური მანიპულაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის მიერ ანექსიის თემით.
საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ამ პროცესებთან დაკავშირებით შეფასება უკვე გაკეთდა და დარწმუნებულნი ვართ, კვლავაც გაკეთდება. საქართველოს ხელისუფლება ყველა ფორმატსა და პლატფორმას იყენებს პარტნიორების ინფორმირებისთვის და მხარდაჭერის მობილიზებისთვის, რათა არ დავუშვათ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების რუსეთის მიერ ანექსიის მიმართულებით მორიგი ნაბიჯების გადადგმა”, – განაცხადა ციხელაშვილმა.
ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და ”სამხრეთ ოსეთისთვის” სახელის „სამხრეთ ოსეთი – სახელმწიფო ალანიად“ შეცვლის თაობაზე ”რეფერენდუმი” მიმდინარეობს.