პრეზიდენტი ე.წ. რეფერენდუმზე: ეს ქმედება მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მიმდინარე ე.წ. არჩევნებთან და რეფერენდუმთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს.
როგორც პრეზიდენტი აცხადებს, აღნიშნული ქმედება მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ძირეულ პრინციპებს.
„დღეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმართება ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის არჩევნები და ე.წ. რეფერენდუმი საქართველოს ძირძველი ტერიტორიისთვის სახელის ცვლილების მოთხოვნით. ეს ქმედება მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ძირეულ პრინციპებს. ტერიტორიაზე, საიდანაც ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილ იქნა მოსახლეობის უდიდესი ნაწილი და სადაც რეალურ კონტროლს ახორციელებს უცხო ქვეყნის საოკუპაციო ძალა შეუძლებელია ვისაუბროთ მოსახლეობის თავისუფალი არჩევანის ან ნების თავისუფლად გამოხატვის რაიმე ფორმის შესახებ. ე.წ. რეფერენდუმი სხვა არაფერია, თუ არა მცოცავი ოკუპაციის რეჟიმის აშკარა ანექსიაში გარდასახვა იგივე სცენარით, რომელიც რუსეთის ფედერაციამ 2014 წელს განახორციელა ყირიმთან მიმართებაში. ამგვარი ქმედება წარმოადგენს უხეშ ზეწოლას საქართველოზე და მიზნად ისახავს ვითარების შემდგომ ესკალაციას შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში“ -აცხადებს პრეზიდენტი.
გიორგი მარგველაშვილი მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, მტკიცე პოზიცია დააფიქსიროს მეზობელი სახელმწიფოს სუვერენული საზღვრებისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მორიგი მცდელობისა და რუსეთის პრივილეგირებული ინტერესების სფეროების პოლიტიკის მიმართ.
“ყირიმის პრეცედენტის” დამკვიდრება საერთაშორისო ურთიერთობების პრაქტიკაში საფრთხეს შეუქმნის არამხოლოდ საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, არამედ იმ უნივერსალური და ფუძემდებლური პრინციპების ქმედუნარიანობას, რასაც ეფუძნება თანამედროვე საერთაშორისო წესრიგი“, -აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.
შეგახსენებთ, ოკუპირებულ ცხინვალში დღეს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და ე.წ. რეფერენდუმი იმართება. ე.წ. რეფერენდუმზე უნდა გადაწყდეს, ეწოდება თუ არა „სამხრეთ ოსეთს“ „სახელმწიფო ალანია“.