ტრამპი სირიაში განხორციელებულ ქიმიურ შეტევას კაცობრიობის შეურაცხყოფას უწოდებს

აშშ–ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კაცობრიობის შეურაცხყოფა უწოდა სირიაში განხორციელებულ ქიმიურ შეტევას, რასაც ადამიანები ემსხვერპლნენ.
„ეს კაცობრიობის შეურაცხყოფაა. როდესაც კლავენ ბავშვებს, ახალშობილებს – ეს უკვე წითელი ხაზის გადაკვეთაა“, – განაცხადა ტრამპმა.
თავის მხრივ, აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა განაცხადა, რომ რუსეთმა თავისი ვალდებულება უნდა შეასრულოს და 2013 წელს ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით, სირიაში ქიმიური იარაღის განადგურებას ხელი შეუწყოს.
ოთხშაბათს აშშ–მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში სირიასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი შეიტანეს. რეზოლუცია იდლიბის პროვინციაში ქიმიური იარაღის გამოყენებას კატეგორიულად გმობს. თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ რეზოლუციის პროექტს „კატეგორიულად მიუღებელი“ უწოდა.
ცნობისთვის, სირიაში იდლიბის პროვინციაში, რომელსაც ოპოზიციური შენაერთები აკონტროლებენ, სამშაბათს მომხდარი დაბომბვის დროს, ქიმიური იარაღი იყო გამოყენებული. ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 72 ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები.
მომხდარის გამო აშშ სირიის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები