გიორგი კვირიკაშვილი – ასეთი კლინიკები რომ ყოფილიყო ჩემი სტუდენტობის დროს, ვინ იცის, იქნებ ჩემი პროფესიით მემუშავა (ფოტოკოლაჟი)
“ძალიან მახარებს, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის სწორი პარტნიორობით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული თანამშრომლობის შედეგად, შესაძლებელი გახდა გვქონდეს თანამედროვე კლინიკები”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გაგუას კლინიკის ახალი კორპუსის გახსნაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ახალი კორპუსი არის 100-საწოლიანი კლინიკა, რომლის სტრატეგიაც არის, რომ მოემსახუროს ყველა სოციალური ფენის წარმომადგენელს.
„რაც განსაკუთრებულად მახარებს არის, რომ კლინიკა მორგებულია შშმ პირებზე და აქ სრული კომფორტია ყველა ჩვენი თანამოქალაქისთვის. ეს კლინიკა ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციების შედეგად აშენდა. მინდა, სიხარული გამოვთქვა იმის გამო, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ჰოსპიტალურ სექტორში დღეს ძალიან ინტენსიური ინვესტიციები ხორციელდება.
პარტნიორობა გულისხმობს იმას, რომ ყველა თავის წილ კონტრიბუციას აკეთებს იმ სისტემის ჩამოყალიბებაში, რომელსაც დღეს ჩვენ ჯერ კიდევ ვაშენებთ. ყოველდღიურად მიმდინარეობს ამ სისტემის დახვეწა და საქართველო დღეს ნამდვილად არის პიონერი და გვაქვს საამაყო, რომ ჩვენმა ქვეყანამ შეძლო საყოველთაო ხელმისაწვდომობის შექმნა, რათა ჩვენს თანამოქალაქეებს დღეს არ ეშინოდეთ სამედიცინო მომსახურების. ეს დიდი მიღწევაა. მე არაერთხელ მითქვამს და მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი დავით სერგეენკოს როლს ამ მნიშვნელოვან მიღწევაში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, კლინიკა, უპირველეს ყოვლისა, არის ექიმი, მისი პროფესიონალიზმით, მისი თავდადებით ამ პროფესიისადმი.
„მინდა, ქედი მოვიხარო ყველა ექიმის წინაშე, რომლებიც საქართველოში ძალიან რთულ პირობებშიც ეწეოდნენ ყველაზე მნიშვნელოვან და საპატიო საქმეს, რაც კი შეიძლება იყოს. ექიმი, პედაგოგი, პოლიციელი – ეს ადამიანები იყვნენ ყველაზე დაფასებულები სახელმწიფოს მხრიდან. ამ კლინიკის კედლებში იბადება საქართველოს მომავალი და მინდა წარმატება გისურვოთ.
როგორც ცნობილ ფილმშია ნათქვამი, ომამდე ტანკისტი ვიყავიო, მეც შემიძლია გითხრათ, რომ წინა ცხოვრებაში ვიყავი ექიმი და ასეთი კლინიკები რომ ყოფილიყო ჩემი სტუდენტობის დროს, ვინ იცის, იქნებ ჩემი პროფესიით მემუშავა მთელი ცხოვრება. მიხარია, რომ ადამიანებმა, რომლებმაც მეტი ერთგულება გამოიჩინეს პროფესიისადმი, დღეს შექმნეს ასეთი მშვენიერი კლინიკა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა საქართვლოს იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს შვილის დაბადება მიულოცა. მინისტრი ახალი კლინიკის გახსნაზე იმყოფებოდა.