ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს

​საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე – აბდულკადირ დემირაი და ზაზა ჩეთინი დააკავეს.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ აბდულკადირ დემირაიმ და ზაზა ჩეთინმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეების დიდი ოდენობით ფულადი თანხების მოტყუებით დაუფლება და შემდგომში ამ თანხებისთვის კანონიერი სახის მიცემა განიზრახეს. ამ მიზნით, ა. დემირაიმ და ზ. ჩეთინმა საქართველოს ერთ-ერთ კომერციულ ბანკში გახსნეს საბანკო ანგარიში, 2016 წლის 16 და 18 ნოემბერს, ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებულ კომპანია „მარი ნჯოროგს“ მოტყუებით გადმოარიცხინეს 90 397 აშშ დოლარი და გადმორიცხული თანხა, იმავე დღეს, გამოიტანეს საბანკო ანგარიშიდან.
„აღნიშნულის შემდგომ, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხების წარმოშობის წყაროს, მისი ნამდვილი ბუნების, განთავსებისა და რეალური მესაკუთრის შენიღბვის მიზნით, ა. დემირაიმ და ზ. ჩეთინმა, ფულადი თანხა განათავსეს სხვა საბანკო დაწესებულებაში გახსნილ ანგარიშზე და გადარიცხეს თურქეთის რესპუბლიკაში. ამ ქმედებით, ერთი მხრივ, კანონიერი სახე მისცეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ დიდი ოდენობით ფულად თანხებს, ხოლო მეორე მხრივ, შენიღბეს მისი წარმომავლობა და რეალური მესაკუთრე. შედეგად, ზ. ჩეთინმა და ა. დემირაიმ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 90 397 აშშ დოლარის ლეგალიზება მოახდინეს.
​აბდულკადირ დემირაისა და ზაზა ჩეთინს ბრალდება წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ დაპატიმრება.
​მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან თორმეტ წლამდე ვადით“, -აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები