ირაკლი კობახიძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

????????????????????????????????????
ბანგლადეშში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მაღალი რანგის შეხვედრებს მართავს.
დღეს გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე ირაკლი კობახიძე და კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე, სიი კიუნ ჩუნგი გაცვლითი ვიზიტის შესახებ შეთანხმდნენ. როგორც მხარეებმა აღნიშნეს, გაცვლითი ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას კიდევ უფორ შეუწყობს ხელს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და სიი კიუნ ჩუნგმა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაძლიერების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს და იმედი გამოთქვეს რომ თანამშრომლობა მომავალში უფრო გაღრმავდება.
ირაკლი კობახიძემ კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. ქართულმა მხარემ კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული რთული ვითარება გააცნო. შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი განიხილეს.
ირაკლი კობახიძემ და კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხებზე ისაუბრეს.
შეხვედრას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი ნიკოლოზ ნათენაძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები