სოფიო ქაცარავა დაკაში შეხვედრებს მართავს

 

ბანგლადეშში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა  შეხვედრებს მართავს. ვიზიტის პირველ დღეს სოფიო ქაცარავამ მაღალი დონის შეხვედრები ნორვეგიის პარლამენტის ვიცე სპიკერთან, კენეტ სვენდსენთან და მალაიზიის წარმომადგენლობითი პალატის წევრთან, აჰმად ჰუსნი მოჰამედ ჰანდზლაჰისთან გამართა.
ნორვეგიის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან გამართულ შეხვედრაზე  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის, ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტებზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბიზნესის კეთება ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვნადაა გამარტივებული.
ნორვეგიულმა მხარემ საქართველოში ბოლო პერიოდში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე ისაუბრა და ყურადღება კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით მიღწეულ წარმატებაზე გაამახვილა. მათივე შეფასებით, ის რეფორმები, რომელიც საქართველოში განხორციელდა სამაგალითოა. როგორც კენეტ სვენდსენმა აღნიშნა, სწორედ ამის შედეგია ვიზალიბერალიზაციაც. ნორვეგიის პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებით, საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა დემოკრატიის ხარისხი.
ნორვეგიიული მხარე საქართველოს მთავარი ეკონომიკური პოტენციალით დაინტერესდა. როგორც საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრისას განაცხადა, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ტურიზმის განვითარებაა და ეკონომიკური პოტენციალის ზრდის ერთ-ერთი არსებითი ფაქტორი სწორედ ტურიზმია. სოფიო ქაცარავას თქმით, საქართველო ტურისტული თვალსაზრისით მიმზიდველი ქვეყანაა და  ამას  2016 წელს  საქართველოში შემოსული 6 მილიონი ტურისტიც ადასტურებს. ნორვეგიული მხარე დაინტერესდა ენერგეტიკის მიმართულებითაც. შეხვედრაზე მხარეებმა ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებზეც ისაუბრეს.
მალაიზიის წარმომადგენლობითი პალატის წევრთან, აჰმად ჰუსნი მოჰამედ ჰანდზლაჰისთან დღეს გამართულ გამართულ შეხვედრაზე სოფიო ქაცარავამ  მალაიზიის წარმომადგენლობითი პალატის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი საქართველოში მოიწვია. მხარეებმა საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავებისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. განიხილეს საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების კუთხით თანამშრომლობის პერსპექტივებიც. შეხვედრაზე, ასევე,  იმსჯელეს ტურისტული მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავების შესახებაც.
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში იმყოფება, სადაც 1-5 აპრილს  საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 136-ე ასამბლეაში იღებს მონაწილეობას. ასამბლეაში მონაწილეობის პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები მაღალი რანგის ორმხრივ შეხვედრებს მართავენ.
დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი ნიკოლოზ ნათენაძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები