სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოს საბავშვო ბაღის აღსაზრდელების გამოკვლევებში დაავადებათა კონტროლის სპეციალისტებიც ჩაერთნენ

​სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოს საბავშვო ბაღის 11 აღსაზრდელი, რომლებიც შპს „არქიმედეს“ სიღნაღის საავადმყოფოში არიან მოთავსებული, სამედიცინო დაწესებულებას დღის ბოლოს დატოვებს. როგორც „კვირას“ კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, ნანა თამაზაშვილმა განუცხადა, პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მისივე თქმით, სავარაუდოდ, კლინიკაში რამდენიმე მათგანი დარჩება და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები დააკვირდებიან.
​ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, როგორც უწყებაში აცხადებენ, წნორის რაიონის კლინიკა „არქიმედე გლობალ ჯორჯიაში“ ამ დროისთვის მკურნალობას 11 ბავშვი განაგრძობს. ისინი აქ გულისრევის შეგრძნებითა და მაღალი ტემპერატურით შეიყვანეს.
„ამ დროისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. რამდენიმე მათგანი სავარაუდოდ, კლინიკას დღის ბოლომდე დატოვებს. საქმეში ჩართულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და მიმდინარეობს მოკვლევა“, – განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.
​როგორც „კვირას“ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, ამჟამად მიმდინარეობს გამოკვლევები და კვლევის შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი. როგორც „ კვირას“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორმა, მაია შაიშმელაშვილმა განუცხადა, გუშინ საღამოს 9 ბავშვი მაღალი ტემპერატურით, პირღებინებითა და გულისრევის სიმპტომებით „არქიმედეს კლინიკაში“ გადაიყვანეს, დღეს კი კიდევ 2 ბავშვი მოათავსეს. მაია შაიშმელაშვილი ამბობს, რომ მოზარდების ავადმყოფობა არა საკვებს, არამედ ვირუსულ ინფექციას უკავშირდება. მაია შაიშმელაშვილის განცხადებით, ცალკეული მსგავსი შემთხვევა ბაღებში გასულ თვეშიც დაფიქსირდა. მისივე თქმით, სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების მიერ შემოწმების შედეგად, ბავშვების კვებითი მოწამვლა გამოირიცხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები