სკოლის მოსწავლეებისთვის იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში საგანმანათლებო ღონისძიება გაიმართა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის” ახალგაზრდული პროგრამების მონაწილეებისთვის იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და ეროვნული არქივის ერთობლივ პროექტში – „სასწავლო ვიზიტი საქართველოს ეროვნულ არქივში” – თბილისის საჯარო სკოლების 14-დან 18 წლამდე ასაკის 50 მოსწავლე მონაწილეობს.
ღონისძიების ფარგლებში, ახალგაზრდები გაეცნენ ეროვნული არქივის საქმიანობასა და მის სტრუქტურას, დაათვალიერეს აკაკი შანიძისადმი მიძღვნილი გამოფენა, მიიღეს ინფორმაცია არქივში დაცულ საინტერესო და მრავალფეროვანი დოკუმენტების შესახებ.
სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა” და სსიპ „საქართველოს ეროვნული არქივის” თანამშრომლობის მიზანია იმ ახალგაზრდული პროგრამების მხარდაჭერა, რომელთა ფარგლებშიც, სამომავლოდ, იგეგმება ახალგაზრდებისთვის საინტერესო და საგანმანათლებლო-შემეცნებითი აქტივობები. სამომავლო ღონისძიებები  მონაწილეთა ინტერესების მიხედვით შეირჩევა.
სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის” ახალგაზრდული პროგრამები, ამჟამად, 18 ქალაქში ხორციელდება, რომელთა მიზანია არასრულწლოვნებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მოხალისეობრივი კულტურის განვითარება, პიროვნული განვითარება და კულტურულ-შემოქმედებითი ინიციატივების წახალისება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები