სოზარ სუბარი „ცენტრ პოინტის” მეპატრონეების მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას გამორიცხავს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი “ცენტრ პოინტის” საქმეზე პოლიტიკურ ანგარიშსწორებას გამორიცხავს.
შესაბამისი კომენტარი მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მას ნამდვილად არ უნდა ვინმე ციხეში იჯდეს, მით უმეტეს, როდესაც ლაპარაკია ქალებზე, დედებზე, მაგრამ იმ ადამიანების აზრიც გასათვალისწინებელია, რომლებიც სასამართლოს მიერ დაზარალებულად არიან მიჩნეულები.
„პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე აქ ლაპარაკი ზედმეტია. ნამდვილად შემიძლია, ამაში დაგარწმუნოთ. მე პირადად წარმოვადგენ იმ უწყებას, რომელთანაც “ცენტრ პოინტს” შემოტანილი ჰქონდა 5 პროექტი. გულწრფელად ვცდილობდი, რომ რაღაცნაირად რომელიმე მათ პროექტს მაინც გაემარჯვა და დევნილებისთვის სახლები აეშენებინათ, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ გამოვიდა, რადგან ერთ კონკრეტულ შემთხვევაშიც კი იმდენად აბსურდულ დოკუმენტაციამდე მივედით, რომლის გასწორებას შეიძლებოდა, ათეულობით წლებიც კი დასჭირვებოდა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
სასამართლომ მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რუსუდან კერვალიშვილი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს.
„ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლებს მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს, ასევე, კომპანია „დექსუსის“ დამფუძნებელს, ივანე ცაგურიას ბრალი ედებათ თაღლითობასა და თანხების მითვისებაში. გამოძიების ინფორმაციით, მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა ამხანაგობა”თაბუკაშვილი 88″-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარი მიითვისეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები