პროკურატურა „ცენტრ პოინტის” საქმეზე ბრალდებულებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მთავარი პროკურატურა „ცენტრ პოინტის” საქმეზე ბრალდებულებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ: სასამართლომ შპს „ცენტრ პოინტის“ საქმეზე ბრალდებულები მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი დამნაშავედ სცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებასა და უკანონო მითვისების ფაქტებზე ბრალდებულები მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (მიწების ეპიზოდი – 2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქციით), 182-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ე.წ. „წილების“ ეპიზოდი), 180-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით („ცენტრ-პოინტი ინვესტის“ ეპიზოდი), 180-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით („ცენტრ-პოინტი კრწანისის“ ეპიზოდი), 182-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (შპს „მზიური ველის“ ეპიზოდი), ხოლო საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და III ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (შპს „მზიური ველის“ ეპიზოდი) გათვალისწინებულ ეპიზოდში ბრალდებულების მიმართ დაადგინა გამამართლებელი განაჩენი.
რუსუდან კერვალიშვილის და მაია რჩეულიშვილის ბრალდების საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა თითქმის ოთხი წლის განმავლობაში. მოცემულ საქმეზე დაიკითხა 411 პირი, ჩატარდა 157 საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის ამოღებული იქნა შპს „ცენტრ-პოინტ ჯგუფში“ შემავალი კომპანიების საქმიანობის ამსახველი სრული დოკუმენტაცია, რომელთა შესწავლის მიზნით დაინიშნა შესაბამისი რევიზიები. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 1999 წელს მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა დაარსეს კომპანია „ცენტრ პოინტი ჯგუფი“, რომლის საქმიანობის მიზანს წარმოადგენდა მოქალაქეთაგან მოზიდული თანხების აკუმულირება და სამშენებლო პროექტების განხორციელება. მიუხედავად ამისა კომპანიის საქმიანობის დროს სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ ხელმძღვანელობის მხრიდან ადგილი ჰქონდა მენაშენეების მიერ შეტანილი თანხების თაღლითურად დაუფლებასა და მითვისების ფაქტებს, რამაც საბოლოო ჯამში შეუძლებელი გახადა კომპანიის მიერ მენაშენეთა წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულება.
მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის მიერ ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88“-ის სამშენებლო პროექტის განსახორციელებლად შექმნილი ევრაზიის საინვესტიციო სააგენტოში შემოსული თანხებიდან მათ მიერ ყალბი სალაროს გასავლის ორდერების შედგენის გზით ეტაპობრივად მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული იქნა 2.403.750 ლარი. მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული თანხების ნაწილი – 1.556.950 ლარი გაწერილი იქნა ამხანაგობა „წყნეთი 2004“-ის მიერ 15 000 კვ/მ მიწის ნაკვეთის შესაძენად, მაშინ როდესაც აღნიშნულ მიწის ნაკვეთში კომპანიას ეს თანხა არ გადაუხდია და იგი შეძენილი იქნა სხვა დროს, სხვა სახსრებით.
ანალოგიური თაღლითური სქემით, თითქოსდა სხვადასხვა უძრავი ქონების შესაძენად მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის მიერ გაწერილი და შემდეგში მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული იქნა თანხები: ა) ამხანაგობა „დიღომი-2004“ – 200 200 ლარი; ბ) ამხანაგობა „ბაგები 2004“ – 546 000 ლარი; გ) ევრაზიის საინვესტიციო სააგენტო – 288 800 ლარი.
2005-2008 წლებში მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა წინასწარი შეთანხმებით, არაერთგზის, „ევრაზიის საინვესტიციო სააგენტო“-ს სალაროდან პირადად და მათი ნდობით აღჭურვილი პირების დახმარებით, სალაროს გასავლის ორდერებში მითითებული, ჯერ კიდევ მშენებლობის დასრულებამდე წინასწარ განსაზღვრული ე.წ. „წილების“ მიღების საფუძვლით, გაიტანეს მენაშენეთა კუთვნილი თანხები 4.133.341,62 აშშ დოლარის ოდენობით და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს, რამაც მენაშენეთა კანონიერი ინტერესის დარღვევა გამოიწვია და მათ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
2007 წლის 28 დეკემბერს რუსუდან კერვალიშვილმა „ცენტრ პოინტისგან” სესხის სახით მიიღო 400.000 აშშ დოლარი, შემდგომში ხსენებული თანხის მისაკუთრებისა და თითქოსდა სამართლებრივი საფუძვლების შექმნის მიზნით, 2011 წლის აპრილში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობის პერიოდში, რუსუდან კერვალიშვილის ორგანიზებით გაფორმდა ფიქტიური სესხის და ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც თითქოსდა შპს „ცენტრ-პოინტმა“ ვალის სანაცვლოდ მიიღო მოქალაქეების გიორგი ზარიძის და გიორგი გუბელაძის სახელზე ფიქტიურად რეგისტრირებული ამხანაგობა „წყნეთი-2004“-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთები, მაშინ როცა ხსენებული მიწის ნაკვეთი შპს „ცენტრ-პოინტი“-ს მიერ შეძენილი იყო 2006 წელს. აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით მოხდა სესხის სახით აღებული თანხის გაქვითვა, რის გამოც ზარალი განიცადეს „ცენტრ პოინტ ინვესტის“ კლიენტებმა.
ანალოგიური სქემით, მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის მიერ გაქვითული იქნა შპს „ცენტრ პოინტ ინვესტისგან“ აღებული სესხი 215 500 აშშ დოლარის ოდენობით.
2004-2009 წლებში „თაბუკაშვილი 88“-ის ბინათმშენებლობისთვის მობილიზებული იქნა 27.701.299,13 აშშ დოლარი, მათ შორის მენაშენეების/წევრების შენატანებმა შეადგინა 23.380.000 აშშ დოლარი, საიდანაც მაია რჩეულიშვილმა მიითვისა 1.065.159 აშშ დოლარი, ხოლო მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა მითითებული თანხის გარდა დამატებით ერთობლივად მიითვისეს – 2.023.202 აშშ დოლარი და 2.403.750 ლარი;
მათ მიერ ასევე მითვისებული იქნა ქ. თბილისში, თვალის კლინიკასა და კრწანისის II ჩიხს შორის მდებარე სამშენებლო პროექტის სახსრებიდან 4 120 188 ლარი.
მთლიანობაში მოცემულ საქმეზე მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი როგორც თაღლითურად, ასევე მითვისების გზით დაეუფლნენ 5 548 341 აშშ დოლარსა და 20 692 408 ლარს.
გამოძიების ეტაპზე რუსუდან კერვალიშვილს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (მიწების ეპიზოდი – 2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქციით), 182-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ე.წ. „წილების“ ეპიზოდი), 180-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით („ცენტრ-პოინტი ინვესტის“ ეპიზოდი), 180-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით („ცენტრ-პოინტი კრწანისის“ ეპიზოდი), 182-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (შპს „მზიური ველის“ ეპიზოდი), 194-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და III ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (შპს „მზიური ველის“ ეპიზოდი).
მაია რჩეულიშვილს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (მიწების ეპიზოდი – 2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქციით), 182-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ე.წ. „წილების“ ეპიზოდი), 180-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით („ცენტრ-პოინტი ინვესტის“ ეპიზოდი), 180-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით („ცენტრ-პოინტი კრწანისის“ ეპიზოდი), 182-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (შპს „მზიური ველის“ ეპიზოდი), 194-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და III ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (შპს „მზიური ველის“ ეპიზოდი);
თბილისის საქალაქო სასამართლომ მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს მიუსაჯა ექვსი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდათ 1/3 – ით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრათ 4 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
როგორც გამოძიების ეტაპზე, ისე საქმის სასამართლოში განხილვისას საქართველოს პროკურატურა, ბრალდებულების მხრიდან 6000-მდე დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურების შემთხვევაში, გამოხატავდა მზაობას ბრალდებულებთან გაეფორმებინა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე. მიუხედავად იმისა, რომ საქმის განხილვა სასამართლოში მიმდინარეობდა თითქმის ოთხი წლის განმავლობაში, ბრალდებულების მხრიდან არ მოხდა ზიანის ანაზღაურება და სამშენებლო ობიექტების დასრულება.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ამჟამად ცალკე ეპიზოდებად იხილება მაია რჩეულიშვილის ბრალდების სისხლის სამართლის კიდევ ორი საქმე მენაშენეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე.
აქვე აღვნიშნავთ, რომ სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენის სამოტივაციო ნაწილის გაცნობის შემდეგ ბრალდების მხარე იმსჯელებს გამამართლებელ ნაწილში სააპელაციო წესით გასაჩივრების თაობაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები