პრემიერი 2017 წლის პოზიტიურ ეკონომიკურ მაჩვენებლებს გამოეხმაურა

2017 წლის პოზიტიურ ეკონომიკურ მაჩვენებლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4,8-პროცენტიანი რეალური ზრდა დაფიქსირდა.
როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, იანვრის რეალური ეკონომიკური ზრდა 5.2 პროცენტი იყო, თებერვლის – 4,4პროცენტი.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ეკონომიკური ზრდა გამოწვეულია კარგი დინამიკით მთელ რიგ მიმართულებებში, რომელთა შორისაა – საწარმოთა ბრუნვა, ასევე, მნიშვნელოვნად გაზრდილია ექსპორტი, ტურისტების რაოდენობა და ფულადი გზავნილების მაჩვენებელი.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდა საქართველოს სამეზობლოში არსებულ პოზიტიურ დინამიკასაც უკავშირდება და იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე წელი კარგი მაჩვენებლებით გამორჩეული იქნება.
„ეს მაჩვენებლები ასევე ადასტურებს, რომ ოთხპუნქტიანი გეგმა, თავისი ფისკალური და სტრუქტურული რეფორმების ნაწილით, მუშაობს და რომ წლევანდელი დაგეგმილი ბიუჯეტი აბსოლუტურად რეალისტურია. ის, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები და დღეს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მისაღებ დაფინანსებაზე, პრაქტიკულად, მწვანე შუქი გვაქვს, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ მიერ გამოცხადებული გეგმები აბსოლუტურად რეალისტურია და ფეხდაფეხ მივყვებით ცხოვრებაში მათ გატარებას“, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები