რა ჩვენება მისცა აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსმა გამოძიებას – „მერაბ ღოღობერიძე დამემუქრა, მალე კორუფციაში გამხელო”

11-12 მარტს ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი კახა ბუხრაძე დაიკითხა. როგორც ბუხრაძე გამოძიებისათვის 16 მარტს მიცემულ ჩვენებაში აცხადებს, რომ 11 და 12 მარტს ბათუმში არ იმყოფებოდა.
“ვიყავი თბილისში და არ შემიძლია, როგორც თვითმხილველმა მოგიყვეთ მოვლენების წარმოშობის, მათი განვითარების და დასრულების შესახებ”, – აღნიშნავს კახა ბუხრაძე.
გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში, კახა ბუხრაძე მერაბ ღოღობერიძეზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ თანამდებობაზე მისი დანიშვნიდან დაახლოებით 10 დღეში მერაბ ღოღობერიძემ და გოჩა შავაძემ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შეხვედრა სთხოვეს. ამბობს, რომ შეხვედრის დროს, მას ადგილობრივი ადათ-წესების და ძველი კადრების შენარჩუნება სთხოვეს. კახა ბუხრაძის თქმით, მერაბ ღოღობერიძემ მას ასევე სთხოვა არ დაეჯარიმებია პატრულს, რადგან ის მართვის მოწმობის გარეშე მართავს ავტომანქანას.
“უარი ვუთხარი. დამემუქრა, მალე კორუფციაში გამხელო”,– დასძენს აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი.
ამავე ჩვენებაში კახა ბუხრაძე მერაბ ღოღობერიძესთან სატელეფონო მიმოწერაზე საუბრობს, რაც მას შენახული აქვს იმის დასტურად, რომ ღოღობერიძე მისგან თურქული ტრაილერების შეუფერხებლად გატარებასაც მოითხოვდა.
“მას შემდეგ, რაც მე მას უარი ვუთხარი თურქული ტრაილერების დაჩქარებულად გატარების თაობაზე, ფეისბუქის გვერდზე, ტელევიზიასა და პრესაში ჩემი მისამართით დაიწყო ნეგატიური ხასიათის ინფორმაციის აქტიური განთავსება”.
კახა ბუხრაძე კატეგორიულად უარყოფს შემდეგი ფრაზის “თათრებში წესრიგს ვამყარებ” გამოყენებას.
საქმის მასალები დღეს, 30 მარტს გადასცეს ადვოკატებს, რომლებიც აქციის შემდეგ სისხლის სამართლის წესით დაკავებულების ინტერესებს იცავენ.
11-12 მარტის ღამეს, ბათუმში, სამართალდამცველების მიერ ერთ-ერთი მოქალაქის დაჯარიმების შემდეგ, მოქალაქეების აქცია გაიმართა, რაც სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. მომიტინგეებმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები გამოიყენეს და საპატრულო პოლიციის მანქანები დაწვეს. აქციის დასაშლელად სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. სამართალდამცველებმა  ათეულობით მოქალაქე დააკავეს. ბათუმში განვითარებული მოვლენების შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა და ქალაქს 150 ათასი ლარის ოდენობის ზარალი მიადგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები