მოვაჭრეები „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე ჯიხურების დემონტაჟს აპროტესტებენ

კომპანია „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე ტანსაცმლისა და წიგნების ჯიხურების დემონტაჟს დაპირისპირება მოჰყვა. მოვაჭრეები ჯიხურების სახურავზე ავიდნენ და „დინამო არენას“ წარმომადგენლებს ჯიხურების დემონტაჟის საშუალება არ მისცეს. ამ დროისთვის დემონტაჟის პროცესი შეჩერებულია.
მოვაჭრეები 5 ჯიხურის დემონტაჟთან დაკავშირებით თბილისის მერიის გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებენ. როგორც მოვაჭრეები ამბობენ, 1998 წელს მათ ტერიტორია იჯარით 50 წლის ვადით აიღეს და შესაბამის გადასახდებს ახლაც იხდიან.
„კი ბატონო, ვამბობ, რომ არის მაგათი ტერიტორია, მაგრამ აქ უამრავი გამწარებული ოჯახი მუშაობს და მაგათ რას უშვრებიან? ბევრი ისეთია აქ, სახლები ბანკში აქვთ ჩადებული. სად გვიშვებენ?“- განაცხადა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.
​აღნიშნულ ინციდენტს კომპანია „დინამო არენას“ დირექტორი ვიტალი გულორდავა გამოეხმაურა. მისი განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოვაჭრეები უკანონო საქმიანობას ეწევიან, რადგანაც ტერიტორია, სადაც ისინი ვაჭრობენ, „დინამო არენას“ ეკუთვნის.
„ჯიხურების აღების ერთადერთი მიზეზი გარე ფასადის მოწესრიგებაა. ძალიან არასახარბიელო სიტუაციაა. გარეთ ვაჭრობენ. საერთაშორისო თამაშები როდესაც ტარდება, ცუდი სანახავია გარე ფასადი, რადგანაც ნაგავს ყრიან. გარდა ამისა, ძალიან ძველი ჯიხურებია“,- განაცხადა გულორდავამ.
მისივე განცხადებით, მოვაჭრეები ჯიხურების დემონტაჟთან დაკავშირებით გაფრთხილება რამდენიმე თვის წინ მიეცათ, თუმცა მათ ეს გაფრთხილება არ გაითვალისწინეს. სწორედ ამის შემდეგ მიმართა სამართლებრივ ხერხს კომპანიის ადმინისტრაციამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები