საქართველოს ავიაბაზარზე იორდანიული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Air Arabia Jordan“ შემოდის

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას იორდანიული დაბალბიუჯეტიანი (Low-cost) ავიაკომპანია „Air Arabia Jordan“ იწყებს.
როგორც „კვირას“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან აცნობეს, ავიარეისები ამანი-თბილისი-ამანის მიმართულებით განხორციელდება. იორდანიისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყების თაობაზე ავიაკომპანიასა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის საააგენტოს შორის გამართული კონსულტაციები წარმატებით დასრულდა. სააგენტოსა და „Air Arabia Jordan“-ის წარმომადგენლების დასკვნითი შეხვედრა 14 მარტს გაიმართა.
მხარეებმა ისაუბრეს ახალ ავიამიმართულებაზე ოპერირებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ და საორგანიზაციო საკითხებზე. რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა ავიაკომპანიას 24 მარტს მიენიჭა.
ამანი-თბილისი-ამანი საჰაერო ხაზზე პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას Air Arabia Jordan 2017 წლის 28 აპრილიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე გეგმავს (26.10.17). ავიარეისები კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.
როგორც ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს, ამანი-თბილისი-ამანის დაბალტარიფიანი მიმართულება საქართველოში ტურისტების ჩამოყვანასთან ერთად, იოროდანიისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ქართველი მგზავრების მოზიდვაზეც იქნება ორიენტირებული.
„Air Arabia Jordan“ არაბული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Air Arabia“-ს ჯგუფის მმართველობაში მყოფი იორდანიული ავიაგადამყვანია, რომელიც 2015 წელს დაფუძნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები