მიხეილ ჯანელიძე: საქართველო წარმოადგენს ევროპის მნიშვნელოვან ნაწილს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ბრიუსელში უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით, ბრიუსელში ვიზიტი და საქართველოს დელეგაციის მიმდინარე შეხვედრები შეაფასა.
მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველომ მიიღო მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იმისათვის, რომ გაღრმავდეს ინტეგრაციული პროცესები.
„ყველა ადამიანი, რომელიც მუშაობს პარლამენტის მხრიდან ევროსტრუქტურებში, ისინი, რომლებიც მუშაობენ საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე, საქართველოსთან ურთიერთობებზე – ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ საქართველოს აქვს განსაკუთრებული პროგრესი. იგი ახორციელებს ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს, რეალურად უახლოვდება ევროკავშირს თავისი სტანდარტებით, ინსტიტუციებით, კანონმდებლობით და რაც მთავარია, წარმოადგენს ევროპის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს”,  -აცხადებს მიხეილ ჯანელიძე.
მან კიდევ ერთხელ ისაუბრა უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობაზე, რომელიც ახალ შესაძლებლობებს უხსნის საქართველოს მოქალაქეებს, ბიზნესწრეებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, რათა მათ გააღრმავონ თანამშრომლობა ევროპელ პარტნიორებთან.
2017 წლის 28 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრებთან ერთად, ვიზიტით ბრიუსელს ეწვია, სადაც შეხვედრები გამართა ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები