თბილისის მერია: გარემოვაჭრეებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკანონო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მიეცემათ

თბილისის მერია გარემოვაჭრეების პროტესტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული, გარემოვაჭრეებს როგორც ადრე, ისე ახლაც მიეცათ გაფრთხილება უკანონო საქმიანობის აღკვეთის თაობაზე, რასაც მათი მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია, შესაბამისად, თბილისის მერია მოქმედებს კანონმდებლობის სრული დაცვით და გაფრთხილებისამებრ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მათ უკანონო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მიეცემათ.
„ამასთან, ბაზრობების ასოციაციასთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად, ასოციაცია გამოთქვამს მზადყოფნას დაუყოვნებლივ, შეღავათიანი პირობებით 6 თვის ვადით სავაჭრო ადგილი დაუთმოს თითოეულ მათგანს. ბაზრობების დირექცია მეწარმეებს ყველა პირობას შეუქმნის საკუთარი პროდუქციის კონკურენტუნარიან პირობებში რეალიზაციისთვის.
რეალიზაციის ობიექტები მოიცავს შემდეგ ტერიტორიებს: რკინიგზის სადგური და მისი მიმდებარე ტერიტორია, დინამოს მიმდებარე ტერიტორია, მეტრო „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორია, ძველი დეზერტირების ბაზრის ადგილას აშენებული ახალი ბაზრის ტერიტორია, ისნისა და სამგორის ბაზრობების ტერიტორიები.
გარდა ზემოაღნიშნულისა, გვსურს მოვუწოდოთ ყველას, ნუ ეცდებიან თემით სპეკულირებას, ვინაიდან, გარდა იმისა, რომ უნებართვო გარევაჭრობა უკანონო საქმიანობაა, ეს ყველაფერი დაკავშირებულია სხვა სახის პრობლემებთანაც, მათ შორისაა: შეფერხება გადაადგილებისას, უსაფრთხოების ნორმების დაცვის ხელშეშლა, ანტისანიტარია, მალფუჭებადი პროდუქტის შენახვის პირობების დაუცველობა, გაურკვეველი წარმოების პროდუქციის გაყიდვა, ქალაქში არსებული ტურისტული ზონებისა და თბილისის იერსახის დამახინჯება.
ამასთან, აღსანიშნავია რომ უნებართვო გარევაჭრობის აკრძალვისა და ხელშეშლის მოთხოვნით თბილისის მერიას თითქმის ყოველდღიურად მომართავენ მოქალაქეები, როგორც ოფიციალური განცხადების, ასევე სოციალური ქსელების მეშვეობით“, – ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები