მარიამ ჯაში გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის უშიშროების საბჭოს ღია დებატებზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავჯდომარე მარიამ ჯაში დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს აგრძელებს.
ქალთა სტატუსის კომისიის 61-ე სესიაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი მარიამ ჯაში 15 მარტს ნიუ-იორკში, უშიშროების საბჭოს ღია დებატებზე – „საერთაშორისო მშვიდობის შენარჩუნება: ადამიანების ტრეფიკინგი კონფლიქტურ სიტუაციებში, იძულებითი შრომა, მონობა და მსგავსი პრაქტიკები”, – სიტყვით გამოვიდა.
საქართველოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ტრეფიკინგი ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა და გაზრდილი მიგრაციისა და ლტოლვილების გადაადგილების ფონზე, გლობალურ პრობლემას წარმოადგენს. მარიამ ჯაშმა ისაუბრა საქართველოს მიერ გასულ ათწლეულში გადადგმულ ნაბიჯებზე ტრეფიკინგის აღმოფხვრის კუთხით და დამსწრე საზოგადოებას აღნიშნული მიმართულებით ქვეყნის წარმატებული გამოცდილება გაუზიარა. მონობის გლობალური კვლევის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და ევროპის საბჭოს ადამიანების ტრეფიკინგის საწინააღმდეგო მოქმედების ექსპერტთა ჯგუფის შეფასების ანგარიშების თანახმად, საქართველო იკავებს მეორე ადგილს, როგორც ყველაზე აქტიური ქვეყანა, მისი მთლიანი შიდა პროდუქტის გათვალისწინებით და მე-17 ადგილს 167 ქვეყნიდან ტრეფიკინგთან ბრძოლის წარმატებით. აქვე აღინიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციის გამო, ქვეყანა ვერ ახერხებს კონტრ-ტრეფიკინგისათვის აუცილებელი ზომების სრულად განხორციელებას და ამავდროულად, საოკუპაციო ძალა აგრძელებს არამართლზომიერი შეზღუდვების დაწესებას ადგილობრივი მოსახლეობის, კონკრეტულად კი ეთნიკური ქართველების მიმართ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები