„ნებისმიერი კითხვის ნიშნის დასმა ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების კონტექსტში, არის დარტყმა საქართველოს ევროპულ მომავალზე”
“როდესაც ისე ახლოს ვართ ევროპასთან, როგორც არასდროს, ნებისმიერი კითხვის ნიშნის დასმა ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების კონტექსტში, არის დარტყმა საქართველოს ევროპულ მომავალზე”, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ განაცხადა. როგორც მიშველაძემ აღნიშნა, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საქართველო დაიცავს ნაკისრ ვალდებულებებს, არ გადაუხვევს ევროპული გზიდან და არ იტყვის უარს ევროინტეგრაციაზე.
„დღეს, კიდევ ერთხელ, გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ევროპული გზა და ევროპული მომავალი შეუქცევადია. საქართველომ დიდი ხნის წინ გააკეთა არჩევანი ევროპულ სტანდარტსა და რუსულ სტანდარტს შორის. 1999 წელს ჩვენ უპირობოდ შევუერთდით ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციას, რითაც განვაცხადეთ, რომ ვიზიარებთ და მზად ვართ, დავიცვათ ევროპული ფასეულობები. ამ გადაწყვეტილებით, ჩვენ ვაღიარეთ ევროსასამართლოს უზენაესობა და ავიღეთ ვალდებულება კონვენციის ყველა მუხლის შესრულებაზე. დღეს, როდესაც ისე ახლოს ვართ ევროპასთან, როგორც არასდროს, ნებისმიერი კითხვის ნიშნის დასმა ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების კონტექსტში, არის დარტყმა საქართველოს ევროპულ მომავალზე. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე, არასდროს, არც ერთ მთავრობას არ დაუყენებია ეჭვქვეშ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულება. შესაბამისად, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საქართველო დაიცავს ნაკისრ ვალდებულებებს, არ გადაუხვევს ევროპული გზიდან და არ იტყვის უარს ევროინტეგრაციაზე“, – განაცხადა მიშველაძემ.