ბათუმის აქციაში მონაწილე პირების იდენტიფიცირების მიზნით, სხვადასხვა ტელეკომპანიიდან კადრებს იღებენ

ბათუმის საქალაქო სასამართლოში იმ პირების მიმართ სხდომა გაიმართება, რომლებიც 11-12 მარტს ბათუმში არეულობაში მონაწილეობდნენ. კვირას გათავისუფლებული სამი პირის სასამართლო პროცესი, დღეს 15:00 საათზე გაგრძელდება. მათ ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული ბრალდებათ. ამ დრომდე პატიმრობაში 7 პირი რჩება.
როგორც აქციის ერთ-ერთი დაკავებული მონაწილის ადვოკატმა, რამინ პაპიძემ ჟურნალიტებს განუცხადა, აქციაში მონაწილე პირების იდენტიფიცირების მიზნით, სხვადასხვა ტელეკომპანიიდან კადრების ამოღება ხდება.
„ჩვენ არ ვიცით, ვინ იქნება მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში, თუმცა ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. შესაძლოა, ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირებიდან შემდგომ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში ვიხილოთ რომელიმე მათგანი, შესაძლებელია, ვიხილოთ აბსოლუტურად სხვა პირები. ამ ეტაპზე, ინფორმაცია ოფიციალურად იდენტიფიცირებული პირების შესახებ არ არის. სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიმდინარეობს მტკიცებულების მოპოვება. კერძოდ, სხვადასხვა ტელეკომპანიიდან სასამართლოს განჩინებების მეშვეობით, ხდება კადრების ამოღება. რამდენად მოხდება ამ პირების იდენტიფიცირება და რამდენად შეაგროვებენ საკმარის და უტყუარ მტკიცებულებებს სამართალდამცავი ორგანოები, ეს გამოჩნდება“, – განაცხადა რამინ პაპიძემ.
​11-12 მარტს, ბათუმში, აჭარის მთავარ სამმართველოსთან გამართული აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ავტომანქანა, მათ შორის პოლიციის ავტომობილები დაწვეს, ასევე, გაანადგურეს სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები