კახა კალაძე ბათუმის მოვლენებზე: აშკარად იკვეთება, რომ ეს იყო მართული პროცესი

აშკარად იკვეთება, რომ ეს იყო მართული პროცესი, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ბათუმში წუხელ განვითარებული მოვლენების თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ყველა ის პიროვნება, ვინც ჩართული იყო ვანდალიზმში, კანონის წინაშე აგებს პასუხს.
„ძალიან მძიმე ღამე იყო ბათუმისთვის, ბათუმელებისთვის. თქვენ იცით, რომ სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება როგორია ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით 2012 წლის შემდეგ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი იმ მონაპოვართაგანი, რაც ჩვენ და ჩვენმა ხალხმა მოახერხა 2012 წელს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გავცდეთ იმ ჩარჩოებს, კანონს და წესრიგს, რაც ამ მიმართულებით არსებობს. გუშინ რაც მოხდა, ეს იყო ვანდალიზმი და შესაბამისად, ყველა ის პიროვნება, რომელიც ჩართული იყო ამ ვანდალიზმში, (და აშკარად იკვეთება, რომ ეს იყო მართული პროცესი), აუცილებლად კანონის მაქსიმალური სიმკაცრით აგებს პასუხს. ზოგადად ძალიან მძიმე იყო პირადად ჩემთვისაც, ის რაც ვნახეთ, მე განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს აჭარასთან, ბათუმთან. ბათუმი არის როგორც საკუთარი სახლი და არავის არ მივცემთ იმის უფლებას, რომ თავისი ბინძური ხელები აფათუროს ამ ქალაქში. ასე რომ, დაველოდოთ გამოძიებას და ყველა დამნაშავე აუცილებლად დაისჯება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება იმას, თუ ვინ შეიძლება იყოს აღნიშნული პროცესების ორგანიზატორი, კახა კალაძე აღნიშნავს, კითხვები ამის თაობაზე იმ ადამიანებს უნდა დაუსვან, რომლებიც გუშინდელ აქციას სოლიდარობას უცხადებდნენ.
„ორგანიზატორებს რაც შეეხება, მე ვფიქრობ, ალბათ კითხვები უნდა დაუსვათ იმ ადამიანებს, რომლებიც ვანდალიზმს მთელი საღამოს, მთელი ღამის განმავლობაში სოლიდარობას უცხადებდნენ და აკეთებდნენ განცხადებებს, რომ ქალაქებში, რეგიონებში შეკრებილიყვნენ და სოლიდარობა გამოეცხადებინათ ვანდალიზმისთვის. ეს არის ძალიან მძიმე, რა თქმა უნდა, შესაბამისი სტრუქტურები მუშაობენ ყველა მიმართულებით, გამოძიება დაწყებულია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ყველა დამნაშავე კანონის წინაშე მაქსიმალური სიმკაცრით აგებს პასუხს“, – განაცხადა კალაძემ
რაც შეეხება კონკრეტულ პირებს, მისი თქმით, მიმდინარეობს იდენტიფიცირება და ამასთან დაკავშირებით შესაბამისი სტრუქტურების ხელმძღვანელები გააკეთებენ განცხადებას.
„მე მგონი თქვენც კარგად იცით იმ პიროვნებების სახელები და გვარები, რომლებიც ამ ვანდალიზმს ღიად უცხადებდნენ სოლიდარობას“, – აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები