პროკურატურა: დეკანოზმა მომწამვლელი ნივთიერება გერმანიაში გამგზავრებამდე დაუდგენელი პიროვნებისგან შეიძინა

“გამოძიებისთვის ამ ეტაპზე, დაუდგენელია, თუ ვისგან შეიძინა მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებულმა მამა გიორგი მამალაძემ კალიუმის ციანიდი”, – ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დეკანოზს მომწამვლელი ნივთიერება საქმის მთავარი მოწმის, ირაკლი მამალაძისგან არ შეუძენია.
„ცალსახად გვინდა აღვნიშნოთ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, როდესაც ბრალდებულმა ბარგი ჩააბარა, ამ ბარგის ამოღება აეროპორტის თანამშრომლების თანდასწრებითა და მათი მონაწილეობით მოხდა. აღნიშნული ბარგი ადგილზე დაილუქა და ლუქზე შესაბამისი ხელმოწერები გაკეთდა. დალუქული ბარგი შემდგომ საგამოძიებო ორგანოში ბრალდებულისა და მისი ადვოკატის თანდასწრებით გავხსენით. მათ დეტალურად შეამოწმეს ლუქის მთლიანობა, რომელიც დარღვეული არ ყოფილა და ამის შესახებ ოქმშია მითითებული.
მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ ლუქის მთლიანობა არ იყო დარღვეული, ბრალდებულმა ჩემოდანი, რომელსაც კოდური საკეტი ჰქონდა, პირადად გააღო. მხოლოდ მან იცოდა ამის კოდი. ეს ყველაფერი დასურათებულია და აღბეჭდილი ფოტოგადაღებით. შესაბამისად, აბსურდულია, თითქოს საგამოძიებო მოქმედებისას რაიმე მანიპულაცია მოხდა. საგამოძიებო მოქმედება, როგორც ბრალდებულის დაკავება, ასევე, საპროცესო კანონმდებლობის ზედმიწევნითი დაცვით მოხდა“, – განაცხადა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა.
პროკურატურის ინფორმაციით, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალდება წარედგინა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენისა და შენახვის ფაქტზე. საგამოძიებო უწყებამ ე.წ. ციანიდის საქმეში მტკიცებულების სახით არსებული აუდიო და ვიდეოჩანაწერები გამოაქვეყნა. როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, ჩანაწერების განხორციელება საქმის მთავარ მოწმესთან, ირაკლი მამალაძესთან შეთანხმებით თავად მთავარი პროკურატურის მიერ დაიგეგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები