დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია, – ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა.
პროკურორმა იმედი გამოთქვა, რომ მამა გიორგი მამალაძე გამოძიებასთან აღნიშნული პირობის შესრულების შემდეგ ითანამშრომლებს. აღსანიშნავია, რომ მამა გიორგი მამალაძე გამოძიებასთან სათანამშრომლოდ ოჯახის უსაფრთხოების დაცვას ითხოვდა.
”პროკურატურის მიერ ამ ეტაპზე უკვე უზრუნველყოფილია ბრალდებულის ოჯახის წევრების უსაფრთხოება და იმედს ვიტოვებთ, რომ გიორგი მამალაძე შეასრულებს პირობას და გასცემს პასუხებს გამოძიებას, მის მიმართ არსებულ კითხვებზე. საქართველოს პროკურატურამ დღეს საზოგადოებას მიაწოდა ის შუალედური შედეგები, რომელიც არ დააზიანებდა გამოძიების ინტერესებს.
ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს ამ საქმის მიმართ არსებული განსაკუთრებულად მაღალი საჯარო ინტერესი, თუმცა მიუხედავად ამისა, ვინაიდან გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, გვინდა ყველას მოვუწოდოთ მოთმინებისკენ, რომ გამოძიებას მიეცეს შესაძლებლობა ნორმალურ ვითარებაში ჩაატაროს საქმეზე სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რომლის საფუძველზეც ბრალდების მხარე წარსდგება სასამართლოს წინაშე. ამავდროულად, პროკურატურა პერიოდულად გააგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას გამოძიების შედეგების შესახებ”, – განაცხადა საქმის პროკურორმა.
პროკურატურის ინფორმაციით, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალდება წარედგინა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენისა და შენახვის ფაქტზე. საგამოძიებო უწყებამ ე.წ. ციანიდის საქმეში მტკიცებულების სახით არსებული აუდიო და ვიდეოჩანაწერები გამოაქვეყნა. როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, ჩანაწერების განხორციელება საქმის მთავარ მოწმე, ირაკლი მამალაძესთან შეთანხმებით თავად მთავარი პროკურატურის მიერ დაიგეგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები