ბათუმში მდებარე სარაგბო ბაზას ფონდი „ქართუ“ ქალაქის მერიას გადასცემს

ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, ბათუმში, გენერალ აბაშიძისა და ლეონიძის ქუჩების მიმდებარედ, თანამედროვე სტანდარტების პირველი სარაგბო ბაზა აშენდა, რომელიც რაგბის ორ მოედანს აერთიანებს.
სარაგბო ბაზას ფონდი „ქართუ“ ხვალ, ქალაქის მერიას საზეიმოდ გადასცემს.
ბუნებრივსაფარიანი და ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული მოედნები 2484 და 5000 მაყურებელზეა გათვლილი. სარაგბო კომლექსში დამხმარე შენობები და ავტოსადგომი შედის. თანამედროვე სტანდარტების კომლექსი შშმ პირთათვის ადაპტირებულია.
სამშენებლო სამუშაოები ასოციაცია „ატუმ“ 2014 წელს დაიწყო. სარაგბო ბაზის მშენებლობის მთლიანი ღირებულება 7 მილიონ 355 ათას 157 ლარს შეადგენს. აქედან, 3 მილიონ 596 ათასი ლარი ქალაქის ბიუჯეტიდან დაიხარჯა.
ღონისძიებას ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.
რაგბის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ფონდმა „ქართუმ” უკვე 11 პროექტი განახორციელა. ფონდი აღნიშნული მიმართულებით მუშაობას კვლავ განაგრძობს. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს სხვა სარაგბო კომპლექსების მშენებლობა თბილისსა და თელავში.
ფონდი „ქართუს“ მიერ აშენებული სარაგბო ბაზები, საერთო ჯამში, 21 მოედანს მოიცავს.
აჭარაში რაგბი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. რეგიონის მასშტაბით, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში წვრთნას 900-მდე სპორტსმენი გადის.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები