მთავარი პროკურორი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა

საქართველოს მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს ბატონ ნილს მუიჟნეკს შეხვდა. საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული სიტუაცია მიმოიხილეს. როგორც „კვირას“ პროკურატურიდან აცნობეს, საუბარი შეეხო იმ რეზონანსულ საქმეებს, რომლებზეც სასამართლო განხილვა მიმდინარეობს და პროკურატურაში შემოსულ არაერთ საჩივარს, რომლებიც წინა ხელისუფლების პირობებში ქონებრივ დავებს ეხება. შეხვედრაზე განიხილეს პროკურატურის მიდგომები და ხედვები მომავალში ადამიანის წამების ფაქტების პრევენციის კუთხით. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიიღო საქართველოში შერჩევითი სამართლის არარსებობის შესახებ. შეხვედრა დაახლოებით ერთი საათი გრძელდებოდა, სადაც ბატონმა ნილს მუიჟნეკმა ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღო. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, კონსტანტინე კორკელია, საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილეები ირაკლი შოთაძე და გიორგი გოგაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები