დიმიტრი ქუმსიშვილი ავსტრიის ელჩს შეხვდა
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს, არად ბენკოსა და ავსტრიის სავაჭრო პალატის წარმომადგენელს, გეორგ კარაბაჩეკს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ავსტრიას შორის საფინანსო-ეკონომიკური ურთიერთობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
მხარეებს შორის აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას, ეკონომიკის ცალკეულ სექტორებში ნაყოფიერი თანამშრომლობის მიუხედავად, ურთიერთობის გაღრმავების დიდი პოტენციალი აქვს.
დიმიტრი ქუმსიშვილმა ავსტრიის რესპუბლიკის მთავრობას ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოსთვის აღმოჩენილი მხარდაჭერის გამო, მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს თბილისში საქართველო-ავსტრიის მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი სხდომის ჩატარების საკითხი და აღნიშნეს, რომ აღნიშნულ ფორმატში თანამშრომლობა ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას ხელს უწყობს.
ითქვა, რომ კომისიის სხდომის ფარგლებში, საქართველოსა და ავსტრიის სავაჭრო პალატების ორგანიზებით, ორმხრივი ბიზნესფორუმიც გაიმართება, რომლის მუშაობაშიც ორი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ავსტრიის ფინანსური დახმარებით განხორციელებულ და სამომავლო პროექტებზეც, მათ შორის, გოდერძის ხეობაში სათხილამურო საბაგიროების მოწყობაზე იმსჯელეს.
სამთო ინფრასტრუქტურის გარდა, თანამშრომლობა ხორციელდება სოფლის მეურნეობისა და ტყის სექტორის მხარდაჭერის მიმართულებითაც.
შეხვედრას ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და ავსტრიის სავაჭრო პალატის ოფისის ხელმძღვანელი ანა ლატარია დაესწრნენ.