ადრეული ქორწინების პრევენციის საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართება

სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში ადრეული ქორწინების საკითხზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. ჯგუფი შეიქმნა პირის, ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საბჭოს და გაეროს გენდერის თემატური ჯგუფის ინიციატივით.
ჯგუფს საქართველოს პრემიერ – მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის და საკითხებში, ქალბატონი სოფო ჯაფარიძე უძღვება, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან თანამშრომლობით.

ჯგუფის შემადგენლობაში შედიან შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები, გენდერის თემატური ჯგუფის წევრები (საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები), სახალხო დამცველის აპარატის და ადრეული ქორწინების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სამუშაო შეხვედრის მიზანია ადრეული/ბავშვთა ქორწინების საზიანო პრაქტიკის ეფექტური პრევენციის მიზნით მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების განხილვა, რაც გააძლიერებს კოორდინაციას ჩართულ აქტორებს შორის.

ამასთანავე, სამუშაო ჯგუფის წევრები ისაუბრებენ საზიანო პრაქტიკების შესახებ დაგეგმილ ხარისხობრივ კვლევაზე, რომელიც გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA), გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF), დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Promundo US-ის მჭიდრო თანამშრომლობით, 2017 წელს განხორციელდება. აღნიშნულ კვლევაში ასევე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა ქალთა გენიტალიების დასახიჩრების საზიანო პრაქტიკას. ადრეული ქორწინების საზიანო პრაქტიკა საქართველოში ფართოდაა გავრცელებული.

„ადრეული ქორწინება გოგონებისთვის მძიმე შედეგების მომტანია, ხშირ შემთხვევაში, მათ სოციალურ და უფლებრივ გარიყვას იწვევს და ხელს უშლის გოგონებს განათლების დასრულებაში. მოზარდობის ასაკში ორსულობა და მშობიარობა კი დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებს. ადრეული ქორწინების გამომწვევი მიზეზები კომპლექსურია და შესაბამისად, ვითარების გასაუმჯობესებლად, მრავალმხრივი მუშაობაა საჭირო, როგორც პოლიტიკის და კანონმდებლობის დონეზე, ასევე თემებთან და თვითონ მოზარდებთან მათი დამოკიდებულების შესაცვლელად“ , – აცხადებს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე.

შეხვედრა ტარდება შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული გაეროს ერთობლივი პროგრამის გენდერული თანასწორობისათვის ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები