საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა “რუსთავი 2-ის“ საქმეზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა უზენაესი სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“ -ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას განცხადებით ეხმაურება. ორგანიზაციის განცხადებით, ისინი შეისწავლიან სასამართლოს მიღებულ გადაწყვეტილებას და დააკვირდებიან მიღებულ შედეგებს.
“ევროკავშირის წარმომადგენლობა პირველი დღეებიდანვე აკვირდება “რუსთავი 2″– ის სასამართლო პროცესს. ჩვენ ყურადღებით შევისწავლით უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ისევე, როგორც მის შედეგებს. ამავდროულად, ვიცავთ დიდი ხნის წინ დამკვიდრებულ პრაქტიკას, რომლის თანახმადაც, სასამართლოს ცალკეულ გადაწყვეტილებებზე კომენტარს არ ვაკეთებთ. უკვე წლებია, რაც ევროკავშირი მუშაობს საქართველოს ხელისუფლებასთან სასამართლო სისტემის რეფორმაზე, რომლის განხორციელებისას ძირითადი ყურადღება ეთმობა სასამართლო პროცედურების დამოუკიდებლობას, გამჭვირვალობასა და ხარისხს, რაც კანონის უზენაესობის დაცვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს პოლიტიკური პლურალიზმის, მედიის თავისუფლებისა და განსხვავებულ შეხედულებებზე წვდომის აუცილებლობას. დღევანდელ ეტაპზე, ამ პრინციპების შენარჩუნებას ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება დემოკრატიის დაცვისა და განმტკიცების საქმეში, რაც შეესაბამება ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებულ ასოცირების შეთანხმებაში მოცემულ უმთავრესი ვალდებულებებს”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ჯერ კიდევ 2015 წლის 6 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თუ სასამართლო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს მას მიაკუთვნებდა, მაშინ წილის ნახევარს დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს დაუთმობდა. დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ 1-ელ მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს შეთანხმების პირობების შესახებ, რომლის თანახმადაც, მათ უნდა მიეღოთ წილის 50% და მენეჯმენტი და რომელიც, მათი თქმით, ძალაშია. თუმცა ქიბარ ხალვაშის განცხადებით, ბოლო შეხვედრაზე დავით დვალმა არხის მენეჯმენტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები