პროფესორს მიაჩნია, რომ “რუსთავი 2”- ზე ზეწოლას “ნაციონალური მოძრაობა” ახორციელებს

​პროფესორ ზურაბ კიკნაძეს მიაჩნია, რომ “რუსთავი 2”-ზე ზეწოლას “ნაციონალური მოძრაობა” ახორციელებს. ამის შესახებ კიკნაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი შეფასებით, “რუსთავი 2” არის პარტიული მედია და თუკი სასამართლომ ის გაამართლა, მაშინ სასამართლოც პოლიტიკური გავლენის ქვეშ იქნება.
“…მერე იყო “ვარდების რევოლუცია”, სადაც “რუსთავი 2”-მა, როგორც მედიასაშუალებამ, უდიდესი როლი შეასრულა და პოლიტიკოსების მხრიდან ყურადღება სწორედ ამ დიდმა როლმა გაამძაფრა. მას მერე ტელევიზია ხელიდან ხელში გადადიოდა და ამ პროცესში მის პოლიტიკურ მესაკუთრედ ყოველთვის “ნაციონალური მოძრაობა” რჩებოდა. ის არის პარტიული მედია და თუკი სასამართლომ ის გაამართლა, მაშინ ჩავთვლი, რომ სასამართლო პოლიტიკური გავლენის ქვეშაა.
თუ მისი მესაკუთრე შეიცვალა და ტელეკომპანია დაუბრუნდა პირვანდელ მფლობელს, რომელსაც პოლიტიკური ორიენტაცია საერთოდ არ აქვს, მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სამომავლოდ, “რუსთავი 2” პოლიტიკური გავლენისგან გათავისუფლდება.
ჩვენთან რატომღაც ასეა მიღებული, რომ პოლიტიკური ზეწოლის განხორციელება მხოლოდ ხელისუფლებას შეუძლია, სინამდვილეში, ამის გაკეთება შეუძლია ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, ვისაც ფინანსური ან სხვა ტიპის ბერკეტი აქვს. ამიტომ ჩემი და არა მარტო ჩემი აზრით, “რუსთავი 2”-ზე ზეწოლა ხორციელდება “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან და თუ ეს ზეწოლა მოიხსნება და მმართველი შეიცვლება, ამან შეიძლება, სამომავლოდ, “რუსთავი 2” მაღალი ხარისხის, თავისუფალ და პოლიტიკურად დამოუკიდებელ მედიასაშუალებად ჩამოაყალიბოს “, – წერს პროფესორი.
ზურაბ კიკნაძის აზრით, “რუსთავი 2”-ის რეალური მესაკუთრის ვინაობა დაუდგენელია, შესაბამისად, ტელევიზიის მხარდამჭერები, რეალურად მის გენერალურ დირექტორს უჭერენ მხარს და არა თავისუფალ მედიას.
“რაც შეეხება “რუსთავი 2”-ის მხარდაჭერას, ლოგიკურად გაუგებარია, რას უჭერენ მხარს – ტელევიზიას თუ მის მესაკუთრეს? მესაკუთრე ჰორიზონტზე არ ჩანს და გამოდის, რომ “რუსთავი 2″-ის გენერალურ დირექტორს უჭერენ მხარს, რომელსაც ტელევიზიაზე პოლიტიკური გავლენა აქვს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ტელევიზიის ხელმძღვანელობას და ტელეკომპანიის პოლიტიზირებას უჭერენ მხარს და არა თავისუფალ მედიას” (რამაზ საყვარელიძე, “რეზონანსი”, 2017 წლის 1 მარტი, გვ. 5). საკითხი ასეა დაყენებული: “რუსთავი 2″-ის მფლობელის შეცვლა ავტომატურად ცვლის მის პოლიტიკას და ხელისუფლების რუპორად აქცევს მას. ეს მხოლოდ ვარაუდია. ვის შეუძლია, განჭვრიტოს, რა მოხდება მესაკუთრის შეცვლის შემდეგ? თავისუფალი, პოლიტიკისგან დამოუკიდებელ სასამართლოს აინტერესებს არა ტელევიზიის პოლიტიკური კურსი, არამედ მისი მფლობელის ვინაობა. ასე დავაყენოთ საკითხი, ვიკითხოთ: რა უფრო მნიშვნელოვანია – ადამიანის უფლება კერძო საკუთრებაზე თუ პოლიტიკური კურსი, რომლის მიმართულებაც ჰორიზონტზე არ ჩანს. მაძიებელი მფლობელი კი რომლის სარჩელიც სასამართლომ მიიღო, ჩანს პიროვნულად, გვარით და სახელით. ვიკითხოთ, თუ იქნება სამართლიანი, რომ პიროვნების წმინდათაწმინდა უფლება, შეეწიროს პოლიტიკას, რომელსაც ქოთანივით ხან აქეთ მიაბამენ ყურს, ხან – იქეთ და ამას სიტყვის თავისუფლებად ასაღებენ?”, – ნათქვამია კიკნაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“რუსთავი 2”-ის მფლობელობასთან დაკავშირებით სამართლებრივი დავა მიმდინარეობს. დღეს, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა “რუსთავი 2”-ის საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებს. მანამდე, საკასაციო და საქალაქო სასამართლოებმა ტელევიზია ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები