ახალგაზრდული იდეების კონკურსი იწყება

ტექნოპარკის საკონფერენციო დარბაზში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი ახალგაზრდული იდეების კონკურსს გამოაცხადებს. ღონისძიება, 28 თებერვალს, 14:00 საათზე გაიმართება.
როგორც „კვირას“ მოსწავლე მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლის პრესსამსახურიდან აცნობეს, კონკურსის მთავარი მიზანია ახალგაზრდული ორგანიზაციების მხარდაჭერა, სხვადასხვა თემაზე პროექტების დაფინანსება და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა.
ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი არის სახელმწიფო უწყება, რომელიც იდეების პროგრამის განხორციელებით, ხელს უწყობს ქვეყანაში ახალგაზრდების სხვადასხვა კუთხით განვითარებას, მათ არაფორმალურ განათლებას, ახალგაზრდული არასამთავრობო სექტორის გაძლიერებას და ახალი არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნას, ახალგაზრდების დასაქმებას, მათივე იდეების ფარგლებში და სამუშაო გამოცდილების დაგროვებას, საქართველოს მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდების მიერ ინიცირებული საინტერესო იდეების განხორციელებას გადაწყვეტილების მიღების, კულტურის, განათლების, სოციალური მეწარმეობის, გარემოს დაცვის სფეროებში.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, რომლებიც საკუთარ იდეებს წარმოადგენენ წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების შესაბამისად. კონკურსთან დაკავშირებულ სიახლეებს, პროგრამულ პრიორიტეტებს და შეფასების კრიტერიუმებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორი ირაკლი ჟორჟოლიანი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნობენ. შემოსულ პროექტებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბირო განიხილავს და გამარჯვებულებს გამოავლენს.
ახალგაზრდული იდეების კონკურსის პროგრამული მიმართულებებია: 1. დასაქმების ხელშეწყობა და არაფორმალური განათლება, რომელიც თავის მხრივ, მოიცავს სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობას და სკოლიდან სამუშაოზე გადასვლის პროცესის ხელშეწყობას, არაფორმალური განათლების მიღებას და ამ მიმართულებით ახალგაზრდების განვითარებას; 2. სამოქალაქო მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობა, რომელიც მოიცავს გარემოს დაცვაზე ზრუნვას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩასართავად შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარებას და კულტურას (განსაკუთრებით კრეატიული ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობას);
უპირატესობა მიენიჭება: რეგიონიდან შემოსულ პროექტებს, აგრეთვე მაღალმთიანი (საქართველოს კანონით „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ”) და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურად დასახლებული რეგიონებიდან წარმოდგენილ პროექტებს; ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელი ახალგაზრდებისა და სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის (თავი III, პუნქტი III) მიხედვით განსაზღვრული, სპეციალური საჭიროებების მქონე ახალგაზრდების, მოწყვლადი ჯგუფების ინტეგრაციას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები