საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი: კითხვა – რატომ აჩერებენ ქართველ ტურისტებს ისრაელის აეროპორტში, უნდა დასრულდეს
საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი იციკ მოშე საქართველო-ისრაელს შორის უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერების ინიციატივით გამოდის. იციკ მოშეს თქმით, სპეციალურმა ჯგუფმა საქართველოს მოქალაქეების ისრაელში უვიზოდ მიმოსვლის საკითხი კარგად უნდა შეისწავლოს, რადგან აღნიშნულთან დაკავშირებით, საზოგადოებაში არსებული აზრთა სხვადასხვაობა ზოგჯერ ანტისემიტურ ხასიათს ატარებს. ამასთან, იციკ მოშეს განცხადებით, ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის დაიწყოს ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებულ პროცედურებსა და აკრძალვებზე ახსნა-განმარტებითი სამუშაოები, რომელშიც ასევე აქტიურად ჩაერთვება „ისრაელის სახლი“, რომლის დამფუძნებელიც თავად არის.
როგორც საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი აცხადებს, უნდა მოხდეს ისრაელში ტურისტად ან სამუშაოდ ჩასულთა გამიჯვნა და ტურისტულმა კომპანიებმა იმუშაონ მხოლოდ ტურისტებზე. რაც შეეხება სამუშაოს მაძიებლებს, ეს საკითხი სახელმწიფო დონეზე უნდა გადაწყდეს.
„ოფიციალური სამუშაო კვოტის გამოყოფის საკითხი ჩვენ კარგა ხნის წინ დავსვით და ისრაელისგან მივიღეთ თანხმობაც. სასურველია, ახლა ეს შეთანხმება უკვე მხარეებს შორის ოფიციალურად გაფორმდეს და საქართველო, მსგავსად აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყნისა, მიიღებს სამუშაო კვოტას. გაუგებრობა და მედიის კითხვები – რატომ აჩერებენ ქართველ ტურისტებს ისრაელის აეროპორტში, უნდა დასრულდეს. მე არ მინდა, ორ ქვეყანას შორის კარგი წარსული ამ ფრაზეოლოგიამ დააზიანოს. გვჯერა, რომ ინიციატივებს, რომელზეც მომავალ კვირას ვისაუბრებთ, ექნება შედეგი. ორივე ქვეყნის მთავრობას უნდა მივმართოთ, პირველ ეტაპზე, დროებით, 100 დღით შეაჩერონ უვიზო მიმოსვლა საქართველო-ისრაელს შორის. ამ 100 დღეში უნდა შეიქმნას ორმხრივი კომისია, რომელიც იმუშავებს საკითხების მოგვარებაზე. ისრაელის სახელმწიფომ უნდა გამოყოს სამუშაო კვოტა საქართველოდან ჩასული მოქალაქეებისთვის. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ტურისტულმა კომპანიებმა არ ივაჭრონ ადამიანებით და არ მოიტყუონ. ტურისტულმა კომპანიებმა უნდა იმუშაონ მხოლოდ ტურიზმზე“,-განაცხადა იციკ მოშემ.