ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის დასრულებას ულოცავს

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვენაში, მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის, სოფიო ქაცარავასა და ასამბლეის პრეზიდენტის, კრისტინა მუტონენის  შეხვედრაზე უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს.
შეხვედრისას, ასამბლეის პრეზიდენტმა, 2016 წელს, თბილისში გამართული ყოველწლიური შეხვედრა გაიხსენა და ქართულ მხარეს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

“საქართველოს დელეგაციასთან ჩვენ ხანგრძლივი თანამშრომლობა და კონტაქტები გვაკავშირებს. საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მხარდაჭერას აგრძელებს. აქვე მინდა, ვიზალიბერალიზაციის საკითხის წარმატებით დასრულება მოგილოცოთ და თქვენს ქვეყანას წარმატებები ვუსურვო“, – განაცხადა კრისტინა მუტონენმა.
ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, სოფიო ქაცარავამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს, ევროპულ მისწრაფებებთან დაკავშირებით, მყარი პოზიცია უჭირავს.

„საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი ისტორიული გადაწყვეტილებაა და ეს შეუქცევადი პროცესია. ქვეყანა აგრძელებს დემოკრატიული რეფორმების გატარებას, რათა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს და მისი ფასეულობების იმპლემენტაცია მოახდინოს“, – აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.
საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი წერეთელი, ხოლო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან, ასამბლეის გენერალური მდივანი, რობერტო მონტელა და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი კრისტიან ვიგენინი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები