საკრებულოს დეპუტატს ბიზნესმენ ქართველიშვილის ინტერესების ლობირებაში ადანაშაულებენ

ჯავახეთის ქუჩა N66-ის მცხოვრებლები საკრებულოს დეპუტატ ელისაშვილისაგან მათი ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებისთვის ბოდიშის მოხდას მოითხოვენ, ადვოკატი კი მას ბიზნესმენ ქართველიშვილის ინტერესების ლობირებაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ ჯავახეთის ქუჩა N66-ის მცხოვრებლებლებმა და ადვოკატმა ლევან გორელაშვილმა “პირველ პრესკლუბში” განაცხადეს.
მისი თქმით, საუბარია 17 თებერვალს საკრებულოში მის მიერ ჩატარებული ბრიფინგის შესახებ, რომელიც ჯავახეთის N66-ში 2000 კვ.მ-მდე ფართობის მიწის ნაკვეთისათვის რეკრეაციული ზონის სტატუსის მინიჭების საკითხის გაჭიანურებას შეეხებოდა.
ადვოკატის განმარტებით, აღნიშნულ ტერიტორიას 2014 წლიდან ჰყავს კერძო მესაკუთრე – ილია მარიდაშვილი, რომელმაც დედაქალაქის ბიუჯეტში ნახევარ მილიონ ლარამდე გადაიხადა. შეძენის მომენტისათვის მიწის ნაკვეთზე სამშენებლო შეზღუდვა არ იყო გათვალისწინებული და შესაბამისად, მისი რეალიზაციის შემდგომ, ამჟამინდელი კერძო მესაკუთრის, ილია მარიდაშვილის თანხმობის გარეშე, მიწის ნაკვეთზე განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება იქნება უკანონო.
ლევან გორელაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ არც ე.წ. ზონალურ საბჭოს და არც საკრებულოს უფლება არ აქვთ, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს შეუცვალონ ზონა. ე.წ. ზონალურმა საბჭომ ამ ტერიტორიის ზონის ცვლილების შესახებ მიიღო პირობადადებული გადაწყვეტილება, შესაბამისად, თანხომბა გამოიხატა იმ პირობით, თუ სამართლებრივი პრობლემები იქნებოდა მოგვარებული. სამართლებრივი პრობლემების მოგვარება კი გულისხმობს გასხვისებული მიწის ნაკვეთის ისევ თვითმმართველი ერთეული საკუთრებაში დაბრუნების შემთხვევას, ხოლო ამ საკითხზე პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა  მიწის ნაკვეთი მის კანონიერ შემძენ კერძო მესაკუთრეს მიაკუთვნეს. შესაბამისად, ამ პირობებში, მიწის ნაკვეთისათვის რეკრეაციული ზონის მინიჭება იქნება ერთმნიშვნელოვნად უკანონო, რასაც ალეკო ელისაშვილი უჭერს მხარს.
ლევან გორელაშვილის თქმით, ალეკო ელისაშვილი, თავისი პოზიციით,  არა ჯავახეთის N66 მცხოვრებთა, არამედ ბიზნესმენ თამაზ ქართველიშვილის ინტერესებს იცავს, რომელიც მომიჯნავედ ფლობს კომერციულ ფართებს და თავად იყო დაინტერესებული ამ ტერიტორიის შესყიდვით.
“ლოგიკური კითხვა ჩნდება: თუ არც სამართლებრივი მხარე არ არის მოგვარებული და არც საზოგადოების ინტერესში შედის იქ რეკრეაციული ზონის მოწყობა, რატომ ცდილობს ამ საკითხის წამოწევას ალეკო ელისაშვილი? ამ ყველაფრის უკან დგას ბიზნესმენი თამაზ ქართველიშვილი. ეს არის ადამიანი, რომელსაც 2014 წელს ჰქონდა სურვილი, შეეძინა ის მიწის ნაკვეთი, რომლის რეკრეაციასაც დღეს ალექსანდრე ელისაშვილის სახელით ითხოვს, თუმცა ეს მან ვერ მოახერხა, ეს არის ადამიანი, რომელიც ფლობს ჯავახეთის 66-ში კომერციულ ფართებს და რადგანაც ვერ მოახერხა მომიჯნავედ მიწის ნაკვეთის შესყიდვა, დღეს ცდილობს ამ ტერიტორიას სამშენებლო განვითარება შეუზღუდოს, რათა სამომავლოდ, სამეზობლოდ შეზღუდოს მის გარშემო კონკურენცია იმავე ბიზნესსაქმიანობაში, რომელსაც თავად ეწევა”, – აღნიშნა ადვოკატმა.
მიწის ნაკვეთის მფლობელი ილია მარიდაშვილი ალეკო ელისაშვილს მოუწოდებს, არ ჩაერიოს ამ საქმეში და აღნიშნავს, რომ მან სამშენებლო მიწა იყიდა და არა რეკრეაციული.
“2014 წლის თებერვალში შევიძინე ჯავახეთის N66-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და მას შემდეგ ვერ ვსარგებლობ, ვზარალდები. ჩვენი მოთხოვნაა, რომ არც ალეკო ელისაშვილი და არც არავინ არ ჩაერიოს ამ საქმეში, რადგან ფული გვაქვს გადახდილი. ჩვენ არ გვიყიდია რეკრეაციული მიწა, ჩვენ ვიყიდეთ სამშენებლო მიწა,რეკრეაციული რომ ყოფილიყო, საერთოდაც არ ვიყიდიდით”, – აცხადებს ილია მარიდაშვილი.
ადგილობრივი დევნილი მცხოვრებლები აცხადებენ, რომ აღნიშნული ტერიტორიისათვის რეკრეაციული ზონის მინიჭება მათ მხოლოდ დააზარალებს, რადგანაც ამ პირობებში, არც ერთ კერძო ინვესტორს აღარასდროს გაუჩნდება ამ ადგილის სამშენებლო განვითარების სურვილი, რაც ნიშნავს, რომ მათი საცხოვრებელი პირობები ვერასდროს გაუმჯობესდება.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის, მონიკა აბუხბაიას განცხადებით, ჯავახეთის N66 ძირითადად დასახლებულია აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობით, სადაც 16 კვ.მ. ფართობის სარდაფებში უწევთ 4-5-სულიან ოჯახებს ცხოვრება და თუ მათი ტერიტორია კერძო ინვესტორებისათვის სამშენებლო განვითარების მიმზიდველობას დაკარგავს, ეს მათ კეთილდღეობაზე უარყოფითად აისახება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები