პარლამენტარ ქალთა პატივსაცემად, საქართველოს პარლამენტმა მიღებას უმასპინძლა

“გენდერული თანასწორობა პოლიტიკასა და ეკონომიკაში“ – სახელწოდებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით, პარლამენტში პარლამენტარ ქალთა პატივსაცემად, საზეიმო მიღება გაიმართა.
ღონისძიება შვედეთის მთავრობისა დაგაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ჩატარდა.
ღონისძიება გახსნეს და მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა, შვედეთის ელჩმა საქართველოში, მარტინა ქუიქმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ნილს სკოტმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, სიმბოლურია, რომ ღონისძიება, 1921 წლის, 21 თებერვალს, საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციის მიღების დღეს ემთხვევა.

„მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია იყო იმ დროისათვის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული დოკუმენტი მსოფლიოს მასშტაბით. პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია ძალიან მაღალი სტანდარტით განამტკიცებდა ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს, მათ შორის თანასწორობის პრინციპს, “- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ქალების საარჩევნო უფლება კონსტიტუციით იყო განმტკიცებული.

„ჯერ კიდევ პირველი რესპუბლიკის პერიოდში, ქალბატონები ასრულებდნენ ძალიან მნიშვნელოვან როლს პოლიტიკურ პროცესებში. 1919 წელს ხუთი ქალბატონი იქნა არჩეული საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად, რომლებიც ძალიან აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ პოლიტიკურ პროცესებში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალების მონაწილეობის გააქტიურებისთვის საერთაშორისო პარტნიორების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სახელმწიფო ორგანოების მნიშვნელოვან წვლილზე ისაუბრა და მათ მიერ უკანასკნელი წლების განმავლობაში გადადგმულ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება.

„რა თქმა უნდა, განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ 2010 წელს გენდერული თანასწორობის შესახებ კანონის მიღების ფაქტი, ასევე, გენდერული თანასწორობის საბჭოს დაფუძნება და მისი მუდმივმოქმედ ორგანოდ ჩამოყალიბება.  ძალიან მნიშვნელოვანი იყო სამოქმედო გეგმის მიღებაც, რომლის განხორციელება, რა თქმა უნდა, გრძელდება. უნდა აღვნიშნო, რომ ქალების რაოდენობა საქართველოს პარლამენტში თანდათანობით იზრდება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ  დეპუტატ ქალთა წარმომადგენლობა, 2008 წელთან შედარებით, გასამმაგდა და 15%-ს შეადგენს, რაც ისტორიული მაქსიმუმია. მისივე თქმით, რაოდენობრივ ზრდასთან ერთად ,მნიშვნელოვანია ხარისხობრივი პროგრესი.

„ძალიან დიდია ქალბატონების როლი დღევანდელ საპარლამენტო ცხოვრებაში. 23 დეპუტატი ქალბატონია დღეს პარლამენტში წარმოდგენილი და აქედან 18 სხვადასხვა მაღალ საპარლამენტო პოზიციას იკავებს, მათ შორის გვყავს ორი ქალი ვიცე-სპიკერი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით არსებული სირთულეების დაძლევაში საერთო ძალისხმევაა საჭირო.

„ჩვენ ვამაყობთ, რა თქმა უნდა, ამ პროგრესით და ქალბატონების გაზრდილი როლით საპარლამენტო ცხოვრებაში. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გამოწვევები რჩება. მათ შორის, ქალთა დაბალი მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში. ასევე, სტერეოტიპები, რომელიც ჩამოყალიბებულია ჩვენს საზოგადოებაში. ამ სირთულეების დაძლევაში ყველამ უნდა მივიღოთ ძალიან აქტიური მონაწილეობა – სახელმწიფო ორგანოებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, არასამთავრობო სექტორმა, ყველა დაინტერესებულმა მხარემ. საქართველოს პარლამენტი, რა თქმა უნდა, აცხადებს სრულ მზადყოფნას, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესებში“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ დიპლომატებს, გაეროს განვითარების პროგრამას და შვედეთის საელჩოს საქართველოში ღონისძიების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.
მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ღონისძიების მოდერატორმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა.

„მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო გაეროს განვითარების პროგრამას და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომლებიც ერთობლივად გამოვიდნენ ინიციატივით, რომ მსგავსი ღონისძიება ჩაგვეტარებინა და მსგავსი მიღებისთვის გვემასპინძლა საქართველოს პარლამენტის შენობაში“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

თამარ ჩუგოშვილმა ისაუბრა პოლიტიკურ პროცესებში ქალების მონაწილეობის გაზრდის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ სქესთა ბალანსი გადაწყვეტილების მიღების პროცესში პირდაპირ კავშირშია ქვეყნების ეკონომიკურ სიძლიერესთან და განვითარებასთან.

„ძალიან ბევრი კვლევა მსოფლიოს მასშტაბით ამტკიცებს იმას, რომ ქალთა მონაწილეობა და ზოგადად, სქესთა ბალანსი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, არის ფუნდამენტური საფუძველი ეფექტური და სწორი გადაწყვეტილებების მიღებისა. რაც მთავარია, ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია ქვეყნების ეკონომიკურ სიძლიერესთან და ეკონომიკურ განვითარებასთან“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

მისივე თქმით, მსოფლიოს ალბათ, ყველაზე წარმატებული ქვეყნების მაგალითები ცხადყოფს, რომ ამ ქვეყნებში ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საკმაოდ მაღალია.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ რაოდენობრივად ქალთა მონაწილეობა როგორც საქართველოს პარლამენტში, ასევე მთავრობაში და სხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილების მიმღებ პოლიტიკურ ორგანოებში გაიზარდოს, წელს და ამ პარლამენტში ცალსახა პროგრესია.

„განსაკუთრებით პარლამენტშია თვალსაჩინო ის, რომ შეიძლება რაოდენობრივად ქალები არ არიან ძალიან დიდი რაოდენობით წარმოდგენილი, თუმცა არიან წარმოდგენილი ძალიან მნიშვნელოვან პოზიციებზე, არიან ძალიან აქტიურები და ასრულებენ ძალიან მნიშვნელოვან სამუშაოს“, -აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
პარლმენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტში ცოტა ხნის წინ, დამტკიცდა გენდერული თანასწორობის საბჭოს განახლებული შემადგენლობა და დებულება.

„შემადგენლობაში შედიან, როგორც მმართველი გუნდის, ასევე,ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. მართალია, გენდერული დისბალანსი არის და ქალები უფრო მეტი რაოდენობით არიანსაბჭოში წარმოდგენილი, თუმცა, ჩვენ ასევე, წევრებად გვყავს მამაკაცები, რომლებიც თვლიან, რომ გენდერული თანასწორობა ქვეყანაში არის მნიშვნელოვანი საკითხი“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, გენდერული საბჭო აქტიურად თანამშრომლობს როგორც დონორ ორგანიზაციებთან (NDI, UNDP, UN WOMEN), ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებთანაც ამჟამად ერთწლიან სამოქმედო გეგმაზე მიმდინარეობს მუშაობა.

ღონისძიების ერთერთმა ორგანიზატორმა, შვედეთის ელჩმა საქართველოში მარტინა ქუიქმა, თავის გამოსვლაში, ისაუბრა ქალი პარლამენტარების განსაკუთრებულ როლზე.

„თქვენ, განსაკუთრებული როლი გაკისრიათ, როგორც ქალ პარლამენტის წევრებს. იმ ქვეყნებში სადაც მაღალია ქალების პოლიტიკური მონაწილეობა, ეკონომიკური ინდიკატორების მაჩვენებელიც უფრო მაღალია. თუკი ქვეყანა მოახერხებს იმას, რომ სრულად ჩართოს ქალები გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მათი რესურსი და უნარ-ჩვევები იყოს გამოყენებული, მაშინ ეს ქვეყანა მოახერხებს, რომ იყოს უფრო კონკურენტუნარიანი“, -განაცხადა მარტინა ქუიქმა.

მისივე თქმით,პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდის თვალსაზრისით, საქართველოში არსებული შედეგები შთამბეჭდავია, თუმცა, ჯერ კიდევ არის ნაბიჯები გადასადგმელი. როგორც შვედეთის ელჩმა აღნიშნა, 2017 წელს დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნების ფონზე, მნიშვნელოვანია ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის თვალსაზრისით მეტი რესურსი დაიხარჯოს.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ნილს სკოტმა მიმართა.

„მოხარულნი ვართ, რომ გვაქვს საშუალება აქტიურად ვითანამშრომლოთ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან. ჩვენ ყოველთვის მაღალი მოლოდინები გვქონდა გენდერული თანასწორობის საბჭოს მისამართით და ეს მოლოდინები ახლა კიდევ უფრო გაზრდილია“, – განაცხადა გამოსვლისას ნილს სკოტმა და წინა გამომსვლელების მსგავსად, აღნიშნა, რომ წინა მოწვევასთან შედარებით,ქალების წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში გაზრდილია.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები. ღონისძიების მიზანი იყო საქართველოს პარლამენტის როლის ხაზგასმა გენდერული თანასწორობის დამკვიდრებაში და ქალებისა და მამაკაცების თანაბარი უფლებების დაცვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები