შსს-ს სპორტული კლუბის წევრი დათა ქაჯაია საერთაშორისო ჩემპიონატზე „ალფა რომეოს” მარკის ავტომობილით იასპარეზებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტული კლუბის MIA Force-ის წევრი დათა ქაჯაია TCR International-ზე ახალი ავტომობილით იასპარეზებს. ქართველი ავტომრბოლელი ჩემპიონატის 2017 წლის სეზონზე „ალფა რომეოს” მარკის მანქანით გამოვა. სპორტსმენმა TCR ახლო აღმოსავლეთის ეტაპზე ახალი ავტომობილით უკვე იასპარეზა და ორივე რბოლა მე-2 ადგილზე დაასრულა.
ძარიანი ავტომობილებით რბოლის საერთაშორისო ჩემპიონატის – TCR international-ის 2017 წლის სეზონის გახსნა საქართველოში, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე 2 აპრილს გაიმართება.
ჩემპიონატის პირველ ეტაპში მონაწილეობას 15-ზე მეტი ქვეყნის 25-მდე წარმომადგენელი მიიღებს. საერთაშორისო ჩემპიონატი TCR International მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ავტოდრომებზე მთელი წლის განმავლობაში იმართება. ტურნირს რამდენიმე მილიონი გულშემატკივარი ჰყავს და წამყვან სპორტულ არხებზე გადაიცემა.