ახალგაზრდა გოგონას ბურუსით მოცული გარდაცვალების ისტორია – რა მოხდა კლინიკა „ბომონდში“?

კლინიკა, რომელსაც საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში მხოლოდ 2016 წლის ექვს თვეში 1 მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული, შესაძლოა, მალე ლიცენზიის გარეშე დარჩეს. ეს კი ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტოს დასკვნაზეა დამოკიდებული, რომელიც ახალგაზრდა გოგონას გარდაცვალების ფაქტს სწავლობს.
საუბარია ქუთაისში მდებარე კლინიკა „ბომონდზე“, სადაც გასული წლის ოქტომბერში 23 წლის ლანა მიქაბერიძემ იმშობიარა, თუმცა წინასწარ დაგეგმილი საკეისრო კვეთა ფატალური შედეგით დასრულდა. გარდაცვლილის ოჯახი ექიმების უყურადღებობასა და არაპროფესიონალიზმზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ კლინიკაში ფატალური შემთხვევების ერთობლიობა იძლევა საფუძველს, რომ სამედიცინო დაწესებულებას საქმიანობა აეკრძალოს.
23 წლის ლანა მიქაბერიძეს მეუღლე და ორი შვილი – 5 წლის ბიჭი და ახალშობილი გოგონა დარჩა. ოჯახი ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვს. „პრაიმტაიმი“ გარდაცვლილის დედას, მთვარისა მიქაბერიძეს ესაუბრა:
– ჩემს შვილს 24 ოქტომბერს ჩაუტარდა დაგეგმილი საკეისრო კვეთა. სამ საათზე შეიყვანეს საოპერაციოში. არანაირი პრობლემა არ ჰქონია. გვეუბნებოდნენ, ყველაფერი კარგად არისო. ექიმი რომ გამოვიდა, გვითხრა, ოპერაცია კარგად ჩატარდა, მხოლოდ საშვილოსნოს პრობლემებს წავაწყდით, რომელიც წინა საკეისრო კვეთის დროინდელიაო. ანუ 5 წლის წინათ რომ გააჩინა პირველი ბავშვი, იმ დროს იყო შეცდომა დაშვებული და ახლა იძულებულნი გავხდით, საშვილოსნო ამოგვეჭრაო. ნარკოზიდან როგორც კი გამოვა, შეგიყვანთ და განახებთო. მართლაც მაჩვენეს, უკვე პალატაში გადმოეყვანათ. ბავშვმა მითხრა, ძალიან სუსტად ვგრძნობ თავს, პირველი საკეისრო ასე არ გამჭირვებიაო. მუცელს იტკიებდა. პალატაში სულ 5 წუთი გამაჩერეს, ექთანს ვთხოვე, იქნებ ყურადღება მიაქციოთ, თავს ცუდად გრძნობს-მეთქი. თუ საჭიროა, მამუკა ექიმს დავუძახებ-მეთქი. ბავშვი მოთენთილი იყო და ეძინებოდა. პალატიდან გამოსვლის შემდეგ, სულ ტელეფონზე ვეკონტაქტებოდი და ვცდილობდი, არ დაეძინა. დაახლოებით 7 საათის შემდეგ, ბავშვმა მითხრა, დედა, ძალიან ცუდად ვარ, წნევა დამივარდა და გადასხმას მიკეთებენო. ცოტა ხანში ისევ გვირეკავს, განმეორებით ოპერაციაზე შევყავარ, შიდა დენა დამეწყოო.
– რამდენ ხანს გაგრძელდა მეორე ოპერაცია?
– საღამოს 9 საათზე შეიყვანეს და ღამის 3 საათამდე გაგრძელდა. ანუ მთელი ექვსი საათი ბავშვი სიცოცხლეს ებრძოდა. სამი საათის შემდეგ, მითხრეს, რომ ოპერაცია წარმატებით დასრულდა და პალატაში გადაგვყავსო, მაგრამ ჩემი შვილი უგონო მდგომარეობაში იყო უკვე. რომ მიხვდნენ, გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვეს, გვითხრეს, სასწრაფოდ რეანიმობილი უნდა გამოვიძახოთ და ცენტრალურ საავადმყოფოში გადავიყვანოთ, რადგან აქ საკმარისი სასუნთქი აპარატი არ გვაქვსო. თუ ჩემი შვილი ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში იყო, პალატაში რატომ გადაიყვანეს?!
– ცენტრალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა?
– იქ რომ მივიყვანეთ, ბავშვი უკვე გათიშული იყო. არანაირი აზრი აღარ ჰქონდა. ექიმებმაც გვითხრეს, ძალიან დაგვიანებულია ჩარევა, სასუნთქი გზები ჩაკეტილი აქვსო. 25 ოქტომბერს, დილით, ჩემი შვილი გარდაიცვალა.
– ორსულობის დროს რაიმე გართულება არ ჰქონია?
– არანაირი. ყველა ანალიზი კარგი ჰქონდა. დაგეგმილი საკეისრო კვეთა იყო და ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ შვილს მომიკლავდნენ.
– ჩვილის მდგომარეობა როგორია?
– პატარა კარგადაა. ჯანმრთელი ბავშვია. უკვე ოთხი თვის არის. ჩემი პატარა უდედოდ გაიზრდება. ეს როგორ უნდა შევარჩინო იმ ექიმებს და მთლიანად საავადმყოფოს.
– რა არის თქვენი მთავარი მოთხოვნა?
– პირველ რიგში, ვითხოვ ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას. მინდა, ბატონმა სერგეენკომ ეს საქმე პირად კონტროლზე აიყვანოს და დაინტერესდეს ამ საავადმყოფოს საქმიანობით. რეალურად, ეს არის სასაკლაო და მათ არ აქვთ უფლება, საქმიანობა ასე უდარდელად გააგრძელონ. ყველაზე ცინიკური კი იცით, რა არის, შვილო?! – ჩემი შვილი რომ მომიკლა „ბომონდის“ დირექტორმა, ექიმმა მამუკა მიქაძემ, ერთ თვეში საკუთარ ცოლს ამსტერდამში გრანდიოზული დაბადების დღე გადაუხადა. თითქოს არც არაფერი მომხდარა. მაგისთვის, ალბათ, სულ ერთია, თითქოს ქათამი დაკლა. აბა, მე მკითხოს, შვილო, ჩემი გოგონას ორმოციც არ მქონდა გადახდილი, რომ მისი მკვლელი ექიმი ამსტერდამში ერთობოდა. არ გავჩერდები და ამას არავის ვაპატიებ!
– 5 წლის წინათ გაკეთებულ საკეისროს თუ უკავშირებენ, თქვენს შვილს რაიმე ჩივილები ხომ უნდა ჰქონოდა ამ ხნის განმავლობაში?
– საქმეც ეგ არის, რომ არანაირი ჩივილი არ ჰქონია. ყველა ანალიზი, ყველა ექოსკოპია კარგ პასუხს გვაძლევდა. რეალურად შეცდომა დაშვებულია მეორე საკეისრო კვეთის დროს. თუნდაც ეს პირველ საკეისროს უკავშირდებოდეს, რატომ ვერ მოახერხეს ჩემი შვილის გადარჩენა. პირველი საკეისრო ვინც გაუკეთა, ის ექიმიც მანდ მუშაობს. ეს არის შმაგი მუმლაძე. ასე რომ, პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა.
„პრაიმტაიმი“ მიქაბერიძეების ოჯახის ადვოკატს, ლედი ტუკვაძესაც ესაუბრა. იურისტი შესაბამის ორგანოებს კლინიკა „ბომონდში“ სხვა საქმეების შესწავლასაც ურჩევს.
ლედი ტუკვაძე, ადვოკატი:
– ძალიან დიდი ხანია, რაც ამ კლინიკის ირგვლივ ბევრი კითხვის ნიშანია. ეს გასცდა ყველანაირ საზღვარს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, პირველადი ექსპერტიზის დასკვნა უკვე ცნობილია. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად სისხლდენა სახელდება, თუმცა რამ გამოიწვია ეს სისხლდენა, ამას შემაჯამებელი ექსპერტიზა გასცემს პასუხს. წინასწარი ინფორმაციით, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ, სავარაუდოდ, სახეზეა ექიმების ძალიან მძიმე შეცდომა, რამაც 23 წლის გოგო იმსხვერპლა. დანიშნულია კომისიური ექსპერტიზა. ვაპირებთ საქმეში ჩავრთოთ დამოუკიდებელი ექსპერტიც. აუცილებელია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში შეისწავლოს ამ კლინიკის საქმიანობა. დაინტერესდნენ, რატომ არის ფატალური შედეგების ამხელა სტატისტიკა.
– სხვა შემთხვევების შესახებ რას გვეტყვით?
– ჩვენ გვსმენია ბევრი ასეთი შემთხვევის შესახებ, მაგრამ ვინაიდან დეტალურად არ ვიცნობ იმ კონკრეტულ საქმეებს, მათზე საუბრისგან თავს შევიკავებ. ლანა მიქაბერიძის შემთხვევაში კი აშკარაა საკმაოდ სერიოზული დარღვევები. შესასწავლია, ასე ხშირად რატომ ხდება ამ კლინიკაში საშვილოსნოების ამპუტირება? რატომ უსპობენ ქალებს შვილის კიდევ გაჩენის შანსს? რატომ ხდება, რომ ამდენი ფატალური შემთხვევაა? ამ კითხვებს ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა უნდა უპასუხოს და იმედი გვაქვს, ლანა მიქაბერიძის, ისევე როგორც სხვა ქალების საქმეებს, მოჰყვება ადეკვატური რეაგირება. დარწმუნებული ვარ, თუ შესაბამისი ორგანოები ყურადღებით დაინტერესდებიან ლანა მიქაბერიძის საქმით, ისინი გავლენ სხვა და არანაკლებ საეჭვო ფაქტებზე.
„პრაიმტაიმი“ ცხადია, კლინიკა „ბომონდის“ დირექტორის, ექიმ მამუკა მიქაძის პოზიციითაც დაინტერესდა. არაერთი მცდელობის მიუხედავად, მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, ისევე როგორც უპასუხოდ დატოვა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩვენ მიერ გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინება. აქედან გამომდინარე, დავეყრდნობით მის მიერ ლანა მიქაბერიძის გარდაცვალების შემდეგ გაკეთებულ განმარტებას. ეს შეფასება მამუკა მიქაძემ მაშინ გააკეთა, როცა გარდაცვლილის ოჯახის წევრები კლინიკაში შეიჭრნენ და მედპერსონალს დაუპირისპირდნენ. აი, რას ამბობდა მამუკა მიქაძე:
„იყო ისეთი ნიუანსები და შეხორცებითი პროცესები, რომ ოპერაციაზე განვითარდა ჰიპოტონიური სისხლდენა, რის გამოც საჭირო გახდა საშვილოსნოს ამოკვეთა, ოპერაციის მსვლელობის დროს კი, როდესაც პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, არ ვარ ვალდებული, ამოვიყვანო საოპერაციოში პაციენტის ოჯახის წევრები“, – განაცხადა მამუკა მიქაძემ, რომელიც ამავდროულად კლინიკა „ბომონდის“ დირექტორიცაა.
მისივე მტკიცებით, მეორე ოპერაცის შესახებ პაციენტის ოჯახის წევრები გაფრთხილებული იყვნენ. თუმცა, ექიმის განმარტებით, განმეორებითი ქირურგიული ჩარევის მიუხედავად, ლანა მიქაბერიძეს ჯანმრთელობის მდგომარეობა სპეციალიზებულ დაწესებულებაში გადაყვანას საჭიროებდა.
„ჩვენ ყველანაირ ღონისძიებას მივმართეთ, სისხლდენა გავაჩერეთ, თუმცა პაციენტი საჭიროებდა ხელოვნურ სუნთქვით მართვას, ჩვენ არ გვაქვს ოფიციალურად რეანიმაციული განყოფილება, რის გამოც ის გადავიყვანეთ ინტერვენციულში. პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო, თუმცა მის გარდაცვალებას არანაირად არ ველოდებოდით“, – ამბობს მამუკა მიქაძე.
რამ გამოიწვია სისხლდენა, სასუნთქი გზების ჩაკეტვა და პაციენტის გარდაცვალება? ეს უკვე კომისიური ექსპერტიზის დასკვნით გახდება ცნობილი. ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტოში „პრაიმტაიმს“ უთხრეს, რომ საქმეზე მოკვლევა განცხადების შემოსვლისთანავე დაიწყეს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ პაციენტის ანკეტა გამოძიებამ წაიღო, საქმის შესწავლა შეფერხდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ველოდებით შესაბამისი დოკუმენტაციის მიღებას. საქმის შესწავლა განცხადების შემოსვლისთანავე დავიწყეთ. ამჟამად, მიმდინარეობს ექსპერტიზა. რაიმე სანქციების შესახებ საუბარი მხოლოდ საბოლოო დასკვნის შემდეგ შეგვეძლება“, – განგვიმარტეს ჯანდაცვის სამინისტროში.
ექსპერტიზის საბოლოო დასკვნას ელოდება შინაგან საქმეთა სამინისტროც, სადაც ლანა მიქაბერიძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
წყარო : primetime.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები