ანალიტიკოსის თქმით, სასამართლო მედიისა და უმცირესობის შანტაჟის მძევალია

ანალიტიკოსი ნიკოლოზ ლალიაშვილი აცხადებს, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”, მისი მხარდამჭერი პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლო სისტემაზე ძალადობენ.
“რუსთავი 2”-ის საქმის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასებისას, ანალიტიკოსმა განაცხადა, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები, მათ შორის სასამართლო, მედიისა და უმცირესობის წარმომადგენლების შანტაჟის და მუქარის მძევალია.
“დღეს ჩვენ ვხედავთ იმის საწინააღმდეგო პროცესს, რაც ხდება მსოფლიოში. უმცირესობა, პატარა მარგინალური კლასი, ძალადობს უმრავლესობაზე. რეალურად, დემოკრატიული ინსტიტუტები, მათ შორის სასამართლო, ჩვენს ქვეყანაში მედიის, უმცირესობის შანტაჟის და მუქარის მძევალია. თუ ვინმეს ჰგონია, რომ სასამართლო ის ინსტიტუტია, რომელზეც მედიას უნდა ჰქონდეს ზეწოლა, ძალიან ცდება. ჩვენთან ბატონ-ყმობა ჯერ არ გადავარდნილა, ყმები ვართ ჩვენ – ყველა და ჩვენზე ბატონობს ერთი მუჭა ლიბერალური კლასი. მე ვხედავ დაშინებულ, დაშანტაჟებულ სასამართლოს”,- აცხადებს ანალიტიკოსი.
ნიკოლოზ ლალიაშვილი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის ადვოკატის, პაატა სალიას განცხადებას გამოეხმაურა.
კითხვაზე, რატომ არ გააპროტესტა ქიბარ ხალვაშმა სასამართლოს გარშემო განვითარებული მოვლენები უფრო ადრე, ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, ის დაკომპლექსებულია.
“რაღაც მანკიერი წრეა, რომელსაც ვერ ვარღვევთ. ფაქტობრივად, ჩვენ ყველა ვართ მძევლები ძალიან პატარა, მარგინალური ჯგუფის. ეს  არ არის მხოლოდ ერთი მედიასაშუალება, საუბარია მის უკან მდგომ პოლიტიკურ ძალებზე, ლიბერალურ არასამთავრობო ორგანიზაციებზე. პროცესებს ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ, უზენაესმა სასამართლომ თავისი სიტყვა თქვა, ეს ნიშნავს, რომ სასამართლოს რამდენიმე მოსამართლე არის წნეხის ქვეშ”,- აცხადებს ანალიტიკოსი.
დღეს გავრცელდა ქიბარ ხალვაშის ადვოკატის განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-თან დაკავშირებულ სასამართლო დავაში, ხალვაშის მხარემ სამართლიანობის აღდგენას ვერ მიაღწია, რადგან მოპასუხე მხარე სასამართლოზე ზეწოლას ახორციელებდა.
ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში 2005 წლის დეკემბრამდე, “რუსთავი 2”-ის წილის 90%-ის მფლობელი იყო. ხალვაში ჩამორთმეული ქონების დასაბრუნებლად სასამართლო დავას აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები