საპარტნიორო ფონდს ამერიკული „ინოვა ჯანდაცვის სისტემის” დელეგაცია ესტუმრა

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ ფონდში ამერიკული ჰოსპიტალის ოპერატორი „ინოვა ჯანდაცვის სისტემის“ დელეგაცია მიიღო. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, „ინოვა ჯანდაცვის სისტემა“ საქართველოს ჯანდაცვის სექტორში ინვესტირებას გეგმავს და ჰოსპიტალური ქსელის გაფართოებას არ გამორიცხავს.
ფონდში გამართულ შეხვედრას ამერიკული ჰოსპიტალის ოპერატორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, კომპანიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ჯეიმზ სანტრი და “თი ბი სი ჰოლდინგის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ესწრებოდნენ.
„ინოვა ჯანდაცვის სისტემა“, “თი ბი სი ჰოლდინგთან” და “კონტი ჯგუფთან“ ერთად, საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების ამერიკული ჰოსპიტალის მშენებლობას უკვე იწყებს და ახალი კლინიკების გახსნას არ გამორიცხავს. შეხვედრაზე ამერიკულმა მხარემ ქართულ მხარესთან საქართველოს ჯანდაცვის სექტორში ინვესტირების გააქტიურების სურვილი გამოთქვა და საპარტნიორო ფონდთან ერთად, ჰოსპიტალურ სექტორში კაპიტალდაბანდების პერსპექტივები განიხილა.
ფონდის მენეჯმენტმა, თავის მხრივ, ამერიკული ჰოსპიტალის ოპერატორი კომპანიის წარმომადგენლებს ფონდის მანდატი, ფუნქცია, პრიორიტეტები და მიმდინარე და განხორციელებული პროექტები გააცნო. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობისა და საქართველოს ჯანდაცვის სექტორში ინვესტირების შესაძლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. რაც შეეხება ამერიკულ „ინოვას”, კომპანია აერთიანებს წამყვან კვლევით ინსტიტუტებს, ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ონკოლოგია, გულის დაავადებათა ინსტიტუტი, ნეირო-მეცნიერებათა ინსტიტუტი და ბავშვთა ჰოსპიტალი.
კომპანია საქართველოში, “თი ბი სი ჰოლდინგთან” და “კონტი ჯგუფთან“ ერთად, ამერიკული ჰოსპიტალის მშენებლობისთვის 42 მლნ. აშშ დოლარს დახარჯავს. საპარტნიორო ფონდთან კი სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები