12 დასახელების ქართულმა ღვინომ იაპონიაში უმაღლესი ჯილდოები მოიპოვა

12 დასახელების ქართულმა ღვინომ იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, საერთაშორისო კონკურსში „საკურა” (The 4rd “Sakura” Japan Women’s Wine Awards 2017) უმაღლესი ჯილდოები – ერთი „ორმაგი ოქრო”, ექვსი – ოქროს და ხუთი ვერცხლის მედალი დაიმსახურა.
„საკურას” საერთაშორისო კონკურსი მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს მეოთხედ ჩატარდა. კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონებით – სომელიეებით, ღვინის მწერლებითა და ჟურნალისტებით.
მსგავს ღონისძიებებში წარმატება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას, არა მარტო იაპონიის, არამედ ზოგადად, აზიის ბაზარზე.
სულ კონკურსში 37 ქვეყნის 4212 ღვინო იყო წარდგენილი, დეგუსტაციები გაიმართა მიმდინარე წლის 28 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით. ქართული ღვინის ნიმუშები იაპონიაში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიგზავნა.

გამარჯვებული ღვინოებია: „ორმაგი ოქრო“; „ვაზიანი კომპანი“ – „საფერავი 2015“.

ოქრო:
„ბინეხი“ – „საფერავი 2015“;
„თელავის ღვინის მარანი“ – კონდოლი „საფერავი  2014“;
„თელავის ღვინის მარანი“ – „სატრაპეზო საფერავი  2013“;
„მილდიანი“ – „ქინძმარაული 2014“;
„ვაზიანი კომპანი“ – „ქისი 2015“;
„მეღვინეობა ხარება“ – „საფერავი 2013“.
 
ვერცხლი:
„თელავის ღვინის მარანი“ – „მუკუზანი 2014“;
„მილდიანი“ – „საფერავი რეზერვი 2011“;
„შუმი“ – „საფერავი BIO 2014“;
„მეღვინეობა ხარება“ – „ქინძმარაული 2014“;
„ბესინი“ – „ბესინი პრემიუმი (წითელი) 2013“.
 
 „საკურას” კონკურსში „ორმაგი ოქროს” ჯილდოს მფლობელი ღვინოები წარდგენილი იქნება 2017 წლის 7 მარტის საერთაშორისო გამოფენა Foodex Japan-ზე, უმაღლესი ჯილდოს – “ბრილიანტის” (Diamond Trophy) მოსაპოვებლად.
2016 წელს საქართველოდან იაპონიაში ექსპორტირებული იყო 160 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 15%-ით აღემატება 2015 წლის ექსპორტის მონაცემებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები