თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობის ფოტო წლის ფოტოდ აღიარეს
World Press Photo-ს კონკურსის ჟიურიმ 2016 წლის საუკეთესო ფოტოდ თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობის ფოტო დაასახელა. პრიზი ფოგოგრაფ ბურჰან ოზბილიჯის გადაეცა, რომელმაც კარლოვის მკვლელი გადაიღო.
ოზბილიჯის ფოტოებმა წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ფოტოს კატეგორიაში გაიმარჯვა, ასევე, საუკეთესო ოპერატიულ ფოტორეპორტაჟადაც დასახელდა.
კონკურსის ჟიურის წარმომადგენელმა, მარი კალვერტმა განაცხადა, რომ რთული იყო ამ ფოტოსთვის გამარჯვებულის სტატუსის მინიჭება, მაგრამ ჟიურიმ ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ „ფოტო ძალზე კარგად ასახავს სიძულვილს, რომელიც ბოლო დროს მსოფლიოში არსებობს“.
რუსეთის ელჩი თურქეთში ანდრეი კარლოვი ანკარაში 2016 წლის 19 დეკემბერს ყოფილმა პოლიციელმა, მევლუთ მერთ ალთინთაშმა მოკლა.