„ბი ბი სიმ“ დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ ციხეში მასობრივი დარღვევების ფაქტი დააფიქსირა
„ბი ბი სის“ პროგრამა „პანორამის“ ჟურნალისტებმა ნორტუმბერლენდის საგრაფოში მდებარე ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს ციხეში დიდი რაოდენობით დარღვევები აღმოაჩინეს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ამ გადაცემის ჟურნალისტი პენიტენციურ დაწესებულებაში სამუშაოდ ფარულად მოეწყო და იქ ორი თვე იმუშავა. ციხეში სასჯელს 1348 პატიმარი იხდის.
ჟურნალისტმა დაადგინა, რომ ციხეში პატიმრები ნარკოტიკებს მოიხმარენ, მათზე კონტროლი შესუსტებულია, ხოლო ერთ-ერთი ბლოკის კედელში უზარმაზარი ნაპრალი არსებობს.
ციხეში ჟურნალისტმა ნიღბები, მავთულის საჭრელი ინსტრუმენტები, ასევე სამხედრო ტანსაცმელი იპოვა. მან ივარაუდა, რომ პატიმრები ნარკოტიკების საშოვნელად ხშირად გარეთ გადიოდნენ.
ციხის დაცვის თანამშრომელმა განაცხადა, რომ მას და მის კოლეგებს პატიმრები ხშირად ემუქრებიან, მაგრამ მათთან კონფლიქტს თავს არიდებენ.
დიდი ბრიტანეთის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა უკვე განაცხადეს, რომ ამ ციხეში არსებულ სიტუაციას ზედმიწევნით შეამოწმებენ.