იაპონიის პრემიერ-მინისტრი აშშ-ში ჩავიდა
იაპონიის პრემიერ-მინისტრი სინძო აბე 5 -დღიანი ვიზიტით აშშ-ში ჩავიდა, სადაც ის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდება.
მოლაპარაკების მთავარი თემა ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები იქნება. ამის შემდეგ აბე და ტრამპი ფლორიდაში გაემგზავრებიან და არაფორმალურ ატმოსფეროში დიალოგს გააგრძელებენ – ისინი გოლფის თამაშს გეგმავენ.
ტრამპმა რამდენჯერმე გააკრიტიკა იაპონია იმის გამო, რომ ამერიკას ამ ქვეყანასთან სავაჭრო ბრუნვაში დისბალანსი აქვს. ანუ იაპონია შეერთებულ შტატებში მეტს ყიდის, ვიდრე პირიქით. ამ მონაცემებით იაპონია ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილზეა.
გარდა ამისა, ტოკიო შიშობს, რომ ტრამპის გარიგებები და ვაჭრობა სხვადასხვა ქვეყანასთან იაპონიის უსაფრთხოებას დააზარალებს. იაპონიას დაძაბული ურთიერთობების რეგიონის რამდენიმე ქვეყანასთან – რუსეთთან, ჩინეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან აქვს. ასე რომ აბეს და ტრამპის მოლაპარაკებები საკმაოდ დატვირთული და რთული იქნება.
ცნობისთვის, დეკემბერში იაპონიაში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმყოფებოდა. რაც შეეხება ტრამპის და პუტინის შესაძლო შეხვედრას, ამაზე ჯერჯერობით მხოლოდ საუბრები მიმდინარეობს.